აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სკანდალურ ფილმს, სადაც ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება იყო დადანაშაულებული, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება
აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ სკანდალურ ფილმს, სადაც ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება იყო დადანაშაულებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ამ ფილმს სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის მომზადებას ქონდა ორი საფუძველი, ერთი ის რომ შესრულდეს რუსეთის სურვილი, რომ ჰააგაში მოხდეს საქართველოს გამტყუნება და ქართველი სამხედროების გასამართლება, მეორე საფუძველი კი არის, რომ მოხდეს ცხინვალის რეგიონის ანექსსია რუსეთის მიერ:
„მე, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია. მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებსა და უბრალოდ სკლეროიზიან ადამიანებზე.
2007 წელს მართლაც ჩვენს წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი არჩევნები, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ, რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით მათ თავს იმიტომ, რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, მან გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, აი, ეს არის სიმართლე. მე იმათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს ჰგონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურძანია იყო პუტინის კაცი, პუტინმა ეს მე მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი, ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე, როგორც ამ დღეებში ვოლსკი აქტიურობს, ის იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილო, ასევე კაგებეშნიკ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ და ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს არის რუსული დავალება. ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი - რუსეთი ამზადებს საფუძველს, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალი, წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, უნდა აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სინამდვილეში, შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოო მიტაცება, ეს არის, რისთვისაც ისინი ემზადებიან და რისთვისაც არის ეს ფილმი გაკეთებული. ამგვარად, მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ჩვენ უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი