13 წლის ბავშვი მამამ სასტიკად სცემა (ვიდეო)
ახმეტის რაიონის ერთ - ერთ სოფელში 13 წლის ბავშვი მამამ სასტიკად ცემა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. დედა ამბობს, რომ მეუღლე მას 12 წელია ცემს და გახმაურების შემთხვევაში მოკვლით ემუქრება.
„სულ მთვრალია. ხან ხელით, ხან ჯოხით გვცემს. ზამთარია თუ ზაფხულია, ბავშვებიც და მეც ავდგებით და წავალთ ხოლმე გარეთ. მე მითხრა, თუ პოლიციას დაურეკავ, მოგკლავო. დახმარებას ვიღებთ, მაგრამ რაც პროდუქტებს ვყიდულობთ, ძაღლებს უყრის და ჩვენ მშივრები ვართ. ჩემი ერთ-ერთი ბავშვი ციხეშია. საწყალს, ზამთარში ბევრჯერ თივაზე ეძინა, მშიერი იყო. მამამისი პურის ჭამის უფლებასაც კი არ აძლევდა. იძულებული გახდა და მაღაზიიდან მოიპარა, რის გამოც დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს“, - აღნიშნა დედამ.
ახმეტის საავადმყოფოს ექიმების თქმით, ბავშვი საავადმყოფოში 1 კვირის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
„მოზარდს წელზე, ბეჭებზე და მუცელზე ცემის კვალი აშკარად ემჩნეოდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სხეულზე აღენიშნებოდა ექსკორაციები, სისხლნაჟღენთები და კანის დაზიანებები. რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვთა განყოფილებაში მოვათავსეთ. მკურნალობის შემდეგ კი სახლში გავწერეთ. ახმეტის რაიონული პოლიცია და სოციალური მომსახურების სააგენტო საქმის კურსში მაშინვე ჩავაყენეთ. ბავშვმა პოლიციას ახსნა-განმარტებაც მისცა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ლალი ნონიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს. ძალადობაში მხილებული მამა არ უარყოფს, რომ ცოლს და ბავშვებს ცემს. „როცა არ მიგონებენ, ვცემ, მა როგორ“, - აღნიშნა მამამ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლელა ჩიტაიას განცხადებით, ისინი გამოძიების დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც რეაგირებას მოახდენენ.
ნატალია სარქისაშვილი, ზვიად რუაძე | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კომენტარი