სტრასბურგმა ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის საქმეზე დისკრიმინაციული მუხლის დარღვევა დაადგინა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე – დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დაავალა 4500 ევროს გადახდა მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის.
საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აწარმოებდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მითითებული იყო, რომ მაია ბაქრაძე გახდა განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან, მისი და მოსამართლეთა ერთობის კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8, მე-10, მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.
მაია ბაქრაძის საქმის დეტალები:
მაია ბაქრაძე 2015 წლის 22 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდა. 2015-2016 წლებში მან მოსამართლეთა შესარჩევ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე.
მაია ბაქრაძე 2013 წელს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად შექმნილი მოსამართლეთა ერთობის დამფუძნებელი წევრი იყო, რომლის წარმომადგენლებიც, მათ შორის მაია ბაქრაძე, საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუმჭვირვალ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ მაია ბაქრაძეს თანამდებობაზე ხელახალ განწესებაზე უარის მიზეზი მაია ბაქრაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებები გახდა. კერძოდ, SJC წერდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მაია ბაქრაძის ჩანაწერები ცხადყოფს, რომ საბჭოს წევრები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების შეფასების ნაცვლად, დაინტერესებულნი იყვნენ მოსამართლეთა ერთობის საქმიანობით.
ამასთან, SJC მიუთითებდა, რომ ყოფილ მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა, რომელსაც უარი ეთქვა ხელმეორედ დანიშვნაზე, მოსამართლეთა ერთობის წევრები იყვნენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას Facebook-ზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე გამოეხმაურა .ის აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დეტალებზე 15:00 საათზე, პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
კომენტარი