"ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო" - ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტის შემდეგ იტალიელთა გამოხმაურებები - მარადონას სტადიონს ახალი ვარსკვლავი ჰყავს
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიური სერია ა-ს პირველივე მატჩში წარმატებული იყო. ხვიჩამ გოლი გაიტანა და გარდა ამისა, საგოლე გადაცემა მიითვალა. საბოლოო ჯამში კი, მისმა გუნდმა "ნაპოლიმ" მოწინააღმდეგე "ვერონა" ანგარიშით 5-2 დაამარაცხა. მთელი მატჩის განმავლობაში კვარაცხელია მოედანზე გამორჩეული იყო. ახლა ის არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის არამედ იტალიური და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავია. კვარაცხელიას შესახებ წერენ პოპულარული გამოცემები. სოციალურ ქსელებში ხვიჩას შესახებ დაწერილ იტალიელ გულშემატკივართა კომენტარებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ხვიჩა უკვე იტალიელთა საყვარელი ფეხბურთელიც არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ტვიტერში" ერთ-ერთი იტალიელის მიერ გამოქვეყნებული "ტვიტი", რომელიც ვირუსულად გავრცელდა და რომლის ავტორიც წერს, რომ პიცის ნაცვლად ნეაპოლში ხაჭაპურის ხილვა სურს. გთავაზობთ კავარცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელთა გამოხმაურებებს: "დიეგო არმანდო მარადონას სტადიონს ახალი ვარსკვლავი ჰყავს." "ხვიჩას ყველაფერი აქვს, რომ სერია ა-ს უდიდეს ვარსკვლავად იქცეს." "ის ასეთი ნიჭიერია და როგორი მორცხვი... მასში რაღაც განსაკუთრებულია." "თუ ასე გააგრძელებს, შვილს ხვიჩას დავარქმევ" - წერენ ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები.
კომენტარი