სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დედოფლად დაბადებული“ გამყიდველები და კვარცხლბეკიდან მომზირალი ქართული საზოგადოება

რამდენად აფასებენ საქართველოში ე.წ. დაბალ სოციალურ ფენებს? ამ კითხვაზე უმრავლესობას, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება, კანონები, ხელფასები, სოციალური დახმარებები და სახელმწიფოს მთელი ატრიბუტიკა გაახსენდება, თავისი პოლიტიკური სისტემით, დროშით, ჰიმნით და გერბითურთ, მაგრამ ქართული საზოგადოების უმრავლესობას ავიწყდება სრულიად ელემენტარული მომენტი – საკუთარი დამოკიდებულება ამ ფენების, უფრო ზუსტად, კონკრეტული პროფესიების მიმართ, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, შესაძლოა, ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ ქართველებისათვის ის ლამის სამარცხვინოს სტატუსამდეა დასული, ხოლო დამოკიდებულება ოფიციანტების, გამყიდველების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, დამლაგებლების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, თვალსაჩინოდ არასახარბიელოა.

ამ დამოკიდებულებას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში დროებით მყოფი უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები თუ უბრალო ტურისტები ამჩნევენ და საკუთარ აზრსაც აფიქსირებენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში საზოგადოება ამ ფენას არ აფასებს, მას აგდებით, კვარცხლბეკიდან უყურებს და ხშირ შემთხვევაში, ადამიანებადაც კი არ თვლის. წლების განმავლობაში ვცდილობთ ქართველები იმის გარკვევას, თუ რატომ ეთაკილებათ ჩვენს თანამემამულეებს იმ საქმის საქართველოში კეთება, რასაც უცხოეთში მთელი მონდომებით ასრულებენ. ამ თემაზე ეთნოფსიქოლოგების კომენტარიც არ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ცხადია და ისიც ნათელია, რომ მიზეზი მხოლოდ ხელფასის ოდენობა არ არის. ქართული მენტალიტეტის თავისებურებებში კი ეს თემა, ალბათ, წამყვან პოზიციას იკავებს.

უბრალოდ, შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად ავიღოთ ჩვენი მეზობელი თურქეთი, თუნდაც იმიტომ რომ ქართველების უმრავლესობა უცხოეთიდან ყველაზე ხშირად თურქეთში ხვდება და იქაურ საზოგადოებასაც სხვებთან შედარებით უკეთ იცნობს. მე, პირადად, ერთი ასეთი მომენტი დავაფიქსირე. მაგალითად, თურქი ახალგაზრდა ყმაწვილი როდესაც საკუთარი თავის შესახებ საუბრობს, არასდროს თაკილობს იმის აღნიშვნას, რომ მაღაზიაში გამყიდველად, რესტორანში მიმტანად, გრეიდერის მძღოლად ან სხვა ამგვარ პოზიციაზე მუშაობს. ანუ აქვს სამსახური, საკუთარი საქმე, ხელფასი.. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსაქმური, უმუშევარი არ არის, ანუ ხაზგასმულად სწორედ ეს ფაქტი ეამაყება. ძნელი სათქმელია, საქართველოში რამდენი 20–დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცის მოძებნა შეიძლება, რომელიც მსგავსი საქმიანობით იამაყებს. ჩვენ ალბათ მათ არც ისე ხშირად შევხვედრივართ. ქართველისთვის მთავარი მაინც პოზიციაა, სოციალური მდგომარეობა, პრესტიჟული პროფესია ან სამსახური და არა ის, რომ... მუშაობს. ოფიციანტად მუშაობას კი ისევ უსაქმურობა ურჩევნია.

ქართული მენტალიტეტის რიგი ანომალიების მაპროვოცირებელ მიზეზად, ჩვენი საზოგადოება ხშირად სსრკ–ს პერიოდს ასახელებს. ვისაც საბჭოთა კავშირი კარგად ახსოვს, ხშირად იხსენებს რიგ დეტალებს, რომელიც იმ დროის სოციალისტური საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. მაგალითად, ერთ–ერთი ასეთი დეტალი იყო ის, რომ ახალგაზრდა ყმაწვილები, ვისაც „ფულიანი მამიკოები“ ჰყავდათ, მუშაობით თავს არ იკლავდნენ. იმის დემონსტრირებისათვის, თუ რამდენად შეძლებული ოჯახები ჰყავდათ, უსაქმურობა და უზრუნველობა სატრაბახოდაც იყო მიჩნეული. დღეს დრო შეიცვალა, ფასეულობებიც, თუმცა რიგი მომენტები წარსულიდან მაინც დარჩა. ან იქნებ სულ ტყუილად ვაბრალებთ წარსულს და ყველაფერი ისევ ჩვენი ხასიათის თავისებურებებში დევს, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენს აზროვნებაში.

ოფიციანტები, „მენაგვეები“, გამყიდველები და ასე შემდეგ... რამდენად არის დაფასებული დაბალი სოციალური ფენა საქართველოში საზოგადოების მხრიდან და რა დამოკიდებულება აქვს იგივე საზოგადოებას მათ მიმართ, ამის შემჩნევა ყოველ ნაბიჯზე შეიძლება. მაგალითად, ერთ–ერთი სოციალურ საიტზე ერთხელ ასეთი ფაქტის შესახებ წავიკითხე: სკოლის მოსწავლეს, ნიჭიერ და ვიზუალურად მშვენიერ გოგონას თანაკლასელები მხოლოდ იმიტომ იგდებდნენ აბუჩად და არ ემეგობრობოდნენ, რომ მისი მშობლები დასუფთავების სამსახურში მუშაობდნენ. მეორე შემთხვევას გაჩერებაზე შევესწარი და მოვისმინე, თუ როგორ უშვერად მოიხსენიებდა დაღლილ, მოხუც ე.წ. სტაიანჩიკს ახალგაზრდა მამაკაცი, სრულიად უბრალო მიზეზის გამო... გამყიდველების, ოფიციანტების, მუშების მიმართ აგრესიას კი ქართველები ხშირად მათი არაპროფესიონალიზმით ხსნიან. თუმცა, ვეჭვობთ, საწარმოს ხელმძღვანელის, ან ფირმის დირექტორის არაპროფესიონალიზს რომ გადაეჩეხონ, მაშინაც ისეთივე დამოკიდებულება გამოამჟღავნონ მის მიმართ, როგორსაც კაფელის ცუდად დამგები მუშის, ან თბილისის რომელიმე ქუჩის არმცოდნე ტაქსის მძღოლის შემთხვევაში ამჟღავნებენ.

საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება ხშირად ამ სფეროში მომსახურე პერსონალზეც უარყოფითად მოქმედებს, რაც მათ ქმედებებსაც აპროვოცირებს. მაგალითად, ცინიკური დამოკიდებულება გამყიდველის და გამყიდველის პროფესიისადმი, ინტერნეტ–კაფის ოპერატორის თუ მიმტანისადმი იწვევს იმას, რომ ამ უკანასკნელთ საკუთარი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, საკუთარი თავისადმი კი არასრულფსოვნების კომპლექსი უჩნდებათ, რაც მათ კლიენტებთან დამოკიდებულებაშიც აისახება. შედეგად კი ვიღებთ, „დედოფლად დაბადებულის“ კომპლექსით შეპყრობილ უხეშ მომსახურე პერსონალს, რომელიც საკუთარი დაბალ საფეხურზე დგომის პოზიციის კომპენსირებას ხშირად არც ისე ზრდილობიანი მანერებით, ფრაზეოლოგიით და ჟესტებით გამოხატავს მედიდურად მოცქერალი კლიენტისადმი, რომელიც ასევე, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური შესაძლებლობებით თუ სოციალური მდგომარეობით, შესაძლოა, მას სულაც არ აღემატება...

საბოლოოდ, სწორედ ამას მოსდევს „პოლიტიკურ პაკეტში“ გახვეული ისტერიკული გამოსვლებიც იმასთან დაკავშირებით, რომ „მასონები“ ქართველ ერს „დიდ უბედურებას“, ანუ ოფიციანტებად და მუშებად გვიპირებენ გადაქცევას, რაც სწორედ ისევ ამ დამახინჯებული მენტალური ფასეულობების და, რაც ყველაზე უარესია, მსგავსი პროფესიის ადამიანებისადმი წარმოუდგენლად დამამცირებელი დამოკიდებულებით, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი სტიგმითაა განპირობებული...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100