სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი დოკუმენტის რატიფიცირება იქნება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაცია.

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლის მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის მიზნით შეიქმნება ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე). ასოცირების შეთანხმების გამოყენებისა და შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარდა, ასოცირების საბჭო განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ მნიშვნელოვან ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხს. ასოცირების საბჭო მინისტრების დონეზე შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ერთხელ და როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს. საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება. ასოცირების საბჭო უფლებამოსილია, განაახლოს ან შეასწოროს შეთანხმების დანართები, შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.

ასოცირების საბჭოს, თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში, ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე) დაეხმარება. ასოცირების კომიტეტი ასევე შეიკრიბება სპეციალური ფორმით (ე.წ. ვაჭრობის კომიტეტი), რათა განიხილოს ყველა საკითხი, რაც ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს (DCFTA) უკავშირდება.

ასევე, შეიქმნება სპეციალური თემატური ქვეკომიტეტები, მათ შორის, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომლებიც საჯარო მოხელეების დონეზე შეიკრიბება და კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ასოცირების საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემა შეუძლება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასაც.
ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით იდება, თუმცა ნებისმიერ მხარეს შეუძლია, შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით, რის შემდეგაც ხელშეკრულება მოქმედებას წყვეტს ექვსი თვის ვადაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100