სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: ალასანიას შეცდომა მოუვიდა

"ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ალასანიას მიერ ვიწრო წრეში ნათქვამი ინფორმაცია გახმაურდა და იმდენად გავრცელდა, რომ პრემიერს ამის შესახებ ერევანშიც შეეკითხნენ. ინფორმაცია არასწორად გავრცელდა რეგიონებშიც და შესაბამისად, პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობაც. 

ივანიშვილი აცხადებს, რომ ალასანიასათვის უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე. 

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტის დეპუტატები აფასებენ. ვიქტორ დოლიძე ეთანხმება პრემიერის პოზიციას, რომ ალასანიასათვის უკეთესი იქნება, თუ იგი გააგრძელებს მხოლოდ თავდაცვის მინისტრის რანგში მოღვაწეობას. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური და უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილიც. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ახალი ხელისუფლების მორიგი სკანდალია, რომელიც კარგად აჩვენებს მთავრობაში არსებულ ვითარებას. 

საპარლამენტო უმრავლესობა ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება. პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რაიმე სახის გადაადგილებები არ იგეგმება. 

საწინააღმდეგო პროგნოზს აკეთებს საპარლამენტო უმცირესობა. ისინი მიიჩნევენ, რომ კოალიციაში ძალთა გადანაწილების პროცესი დაიწყო, ამიტომ საკადრო გადაადგილებები ახლო მომავალში უფრო ფართო ხასიათს მიიღებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების საფრთხეს ხედავენ. ორგანიზაციების წევრების განცხადებით, პრემიერის ბოლოდროინდელი განცხადებები და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გარკვეულ კითხვებს ბადებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს შორდება. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მთავრობასთან შეხვედრა და არსებულ კითხვებზე განმარტებების გაკეთებაა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100