სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კბილაშვილის კურსელები და ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავები სახელმწიფო სტრუქტურებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა. შსს–ში არ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი, მაგრამ კახეთში, პოლიციის ორგანოებში და ზოგიერთ საჯარო სამსახურში საკადრო გადაწყვეტილებებს ის იღებს. ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ზვიად ჯანყარაშვილი შსს–ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიღნაღში, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

იურისტი თამარ კორძაია აცხადებს, რომ შსს–ს გენინსპექციის უფროსად მინისტრის სიმამრის დისშვილის დანიშვნით, კანონი არ დაირღვა, თუმცა უხერხული ფაქტია.

საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით დედოფლისწყაროში ვერ გაიმარჯვა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, თამაზ თამაზაშვილის შვილმა ალექსანდრე (ლექსო) თამაზაშვილმა, თუმცა არჩევნების შემდეგ ზოგიერთი დეპუტატის აღმასრულებელ ხელიოსუფლებაში გადასვლის გამო, ის დეპუტატი პროპორციული წესით გახდა. ალექსანდრე თამაზაშვილმა პარლამენტში ნოდარ ხადური ჩაანაცვლა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ალექსანდრე თამაზაშვილი კახეთში პოლიციის ორგანოებში და სხვა საჯარო სამსახურებშიც კი საკადრო საკითხებს პირადად წყვეტს. მაგალითად, მისი მეგობარია საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად დანიშნული დიმიტრი მაისურაძე, თამაზაშვილების ოჯახის ნათესავია დედოფლისწყაროს პოლიციის ახალი უფროსი ივანე ზურაბაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი საკადრო საკითხებში ჩარევას უარყოფს. „როგორ უნდა ჩავერიო საპატრულო პოლიციის საქმიანობაში, როგორ უნდა ჩავატარო თათბირი, ვისთან უნდა ჩავატარო? მანახეთ ვის ჩავუტარე თათბირი და რა მითითებები მივეცი. ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ? ეს არის რაღაც შემოგდებული თემა, გაიკითხეთ ხოლმე. პატივს ვცემ თქვენს მედიასაშუალებას. ვიცი, რომ სერიოზული მედიასაშუალებიდან მირეკავთ, მაგრამ რა უნდა გიპასუხოთ?", – აღნიშნა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თბილისის პროკურორად, საოლქო პროკურორებად და მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტების უფროსებად საკუთარი კურსელები და ახლობლები დანიშნა.

არჩილ კბილაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად 30 ოქტომბერს დაინიშნა. „მე არაერთგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების, ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი; საოლქო პროკურორების და თბილისის პროკურორის და მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი. ხოლო რაიონულ დონეზე პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს განვიხილავთ ინდივიდუალურ რეჟიმში“, – განაცხადა კბილაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე აღნიშნა, რომ პროკურორები პატიოსნებით და პროფესიონალიზმით შეირჩეოდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ შეიტყო. ყველა შემთხვევაში ახლადდანიშნული პროკურორები არჩილ კბილაშვილის კურსელები არიან. მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს დაამთავრეს.

თბილისის პროკურორად დანიშნულ დავით კოჭლამაზაშვილთან კბილაშვილს ნათელმირონობაც აკავშირებს. ის დავით კოჭლამაზაშვილის შვილის ნათლიაა. დავით კოჭლამაზაშვილი 2008 წლიდან დღემდე სიღნაღის რაიონული პროკურორი იყო. 2006 – 2008 წლებში მუშაობდა გურჯაანის რაიონულ პროკურორად; 2004 – 2006 წლებში სიღნაღის პროკურორად; 2004 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ლაგოდეხის პროკურორად; 2003–2004 წლებში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა სამინისტროს სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს განყოფილების პროკურორად; 2001 – 2003 წლებში გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს განყოფილების პროკურორად; 1997–2001 წლებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორად; 1996 – 1997 წლებში გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის პროკურორად; 1995 – 96 წლებში სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს განყოფილების პროკურორად;

სიღნაღის რაიონულ პროკურორად მუშაობის დროს კოჭლამაზაშვილის დაქვემდებარებაში შედიოდა სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს რაიონები.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ამ რაიონებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო არაერთი აქტივისტი დააკავეს და დააპატიმრეს; უფრო მეტიც, წინასაარჩევნოდ სიღნაღის რაიონში თანამდებობის პირებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები სასტიკად ცემეს. პროკურატურას არცერთი ფაქტი არ გამოუძიებია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100