სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე განცხადებას ავრცელებს.

საერთაშორისო მონიტორები მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებისკენ მოუწოდებენ.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საბოლოოდ, გადაეცა ოჯახს. ბოლო კვირებში, ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით მისია მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი შესაძლებლობებისა და მანდატის გათვალისწინებით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

მისია ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში.

მისია მოუწოდებს მონაწილეებს, განაახლონ შეხვედრები ერგნეთში, რომლებიც მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით ტარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან დღეს გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100