„დიდგორის“ შემდეგ „ლაზიკა“ - ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია
დღეს "ლაზიკას" - მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჯავშანმანქანით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებღთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარეს.
ლაზიკა არის მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნვეყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. ლაზიკას აქვს შიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. ლაზიკა არის მძლავრი, მობილური და აკმაყოფილებს თანამედროვე შეიარაღების მოთხოვნებს.
" დიდგორის მერე ეს არის მეორე მანქანა. რეალურად შინაარსობრივად, თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა. დიდგორი არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული. დღეს წარმოდგენილი ”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია. ბოლო ორი წელი ამაზე საკმაოდ სერიოზულად ვიმუშავეთ ამაზე, ამ ამოცანის გადაჭრა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას..." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებტან საუბრისას.
"ლაზიკის" შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ლაზიკა მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.
კომენტარი