ივანიშვილის ღია წერილი სააკაშვილს
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი. თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი, და ამიტომ მოგმართავთ.
კიდევ იმიტომ მოგმართავთ, რომ არ ვთვლი ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად თქვენს გუნდთან ერთად განვლილი 9 წლის სრულ დისკრედიტაციას. ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი.
ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას. ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ. ამიტომ ვწვალობ ამდენს და ვცდილობ დაგანახოთ გამოსავალი, რომელიც გახსნიდა გზას ყველა სხვა პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებისკენ.
ამიტომ შემოგთავაზეთ დეკემბრის ბოლოს ისეთი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზე დათანხმებაც თქვენთვის ყველაზე მარტივი იყო (შეგეძლოთ "პიარქულებიც" კი იქით ჩაგეწერათ). საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თქვენი პარლამენტში გამოსვლის გადავადება - არ გვინდოდა ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ამიტომ წამოვედით მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შემოგთავაზეთ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით. ამიტომ ვთანხმდებოდი ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის.
მაგრამ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით "შეადუღაბოთ" თქვენი რიგები. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.
მე კარგად მესმის, რასაც ვამბობ. საკითხი ამგვარად მმართველი კოალიციის შიგნითაც კი არასოდეს დამიყენებია და არ გამომიცხადებია ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა. მაგრამ ახლა საქმე რომელიმე "საკითხს" არ ეხება. კონსტიტუციური ცვლილებები ეპოქალურ თემას დაუკავშირდა: წინ – მომავლისკენ, თუ უკან – წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ "კი, მაგრამ"-ს და "დღეს არა, ხვალ"-ს.
რა ელით მათ, ვინც წარსულს აირჩევს? განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო შეფასებისა. რა ელით მათ, ვინც მომავალს აირჩევს? ასევე განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო დაფასებისა.
პირადად მე, სანამ პოლიტიკაში ვარ, მაქსიმალურად შევიკავებ თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გავხდები (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც დაფასება.
რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის.
პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია მიმართვაში.
კომენტარი