პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა
დღეს "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაიმართა. დღევანდელ ყრილობაზე პარტიამ ახალი ახალი წესდება დაამტკიცა და აირჩია ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. დღეიდან პარტიას პოლიტსაბჭოს შემცირებული, 12-კაციანი შემადგენლობა ჰყავს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე გახდა. პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ერთხმად აირჩიეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ვერავინ წარუძღვება. "ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს. ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.
"განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა გადავუხადო მას. მადლობა იმისათვის, რომ დღეს ჩვენი სამშობლო თავისუფალია, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, მადლობა იმისთვის, რომ განსხვავებული აზრისთვის აღარავის დევნიან, მადლობა სიცრუის დასრულებისთვის, ძალადობისა და უსამართლობის დამთავრებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ქუჩაში ჩვენს ბიჭებს აღარავინ კლავს, ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ, მადლობა წართმეული უფლებების დაბრუნებისთვის, მადლობა ღირსების დაბრუნებისთვის, მომავლის იმედისთვის, მადლობა საქართველოს გადარჩენისთვის! მადლობა ყველაფრისთვის!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი