ძაღლს და ბავშვს შეეწირა - ახალციხეში მეზობლის ძაღლმა ბავშვი დაკბინა, პატრონი ნერვიულობით გარდაიცვალა
ახალციხის სოფელ ზიკილიაში უბედური შემთხვევა მოხდა. 57 წლის მამაკაცი ნერვიულობისგან ცუდად გახდა და გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისმა ძაღლმა მეზობლის ბავშვი დაკბინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც სოფელში ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ მისმა ძაღლმა ბავშვი დაკბინა. აღნიშნულ საკითხზე გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვის ბიძასთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა.
„ჩხუბი არ ყოფილა, უსაყვედურა, ეს ძაღლი სხვაგან დააბი რომ ბავშვმა მშვიდად გაიაროსო. იმანაც უპასუხა, ჩემი დაბმული იყო და რატომ მოვიდა შენი ბავშვიო. ამის მერე დაახლოებით 10 წუთში გახდა ცუდად. ისე მოხდა რომ ძაღლს და ბავშვს შეეწირა ის კაცი,“ – ამბობს ბავშვის ბებია.
ძაღლმა არასრულწლოვანს პატრონის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე უკბინა. ამჟამად ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, 57 წლის კაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი