სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი გელბახიანი: ივანიშვილის კოალიცია პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვა...

ინტერვიუ აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საარჩევნო შტაბის ექს-ხელმძღვანელთან, ყოფილ დეპუტატ ვალერი გელბახიანთან.

- ბატონო ვალერი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედის ავადმყოფობის გარდა, არსებობდა თქვენი საქართველოში დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზიმმართველი ძალა აპირებს, მომავალ არჩევნებში საჩხერეში "ქართული ოცნების" კანდიდატს დაგაპირისპიროთ. სამართლებრივი პრობლემების მოგვარების შემთხვევაში თუ აპირებთ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას?

- საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის მძიმე ავადმყოფობის გამო მივიღე და ამ სიტუაციაში პოლიტიკურ გარიგებებზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონდა. არავის ვუსურვებ იმის გადატანას, რაც მე გავიარე: ოთხი წელი პოლიტიკურ დევნილობაში, ოჯახისგან შორს გავატარე, დედასთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მქონდა, ბოლო დროს კი მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ერთადერთი ამოცანა მქონდა - საქართველოში ჩამოვსულიყავი და თუ დედის ნახვის საშუალებას არ მომცემდნენ, პატიმარს გარდაცვლილის დატირების საშუალება მაინც მექნებოდა.

უფლის მადლით, დედას ცოცხალს ჩამოვუსწარი და გარდაცვალებამდე ერთი კვირა მის გვერდით გავატარე. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ მძიმე წუთებში თანამიგრძნობდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ მე ხელისუფლებამ საჩხერეში "ქართული ოცნების" კანდიდატთან დასაპირისპირებლად ჩამომიყვანა, ეს აბსოლუტური სისულელეა და ბოროტი ადამიანების მონაჭორი. არც წამოსვლამდე, არც ჩამოსვლის მერე ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელთან კონსულტაცია არ მქონია, ხატზე შემიძლია, დავიფიცო.

ამ ეტაპზე სამართლებრივი პრობლემების მოგვარებით ვარ დაკავებული, ამ დღეებში გამოძიებას ჩვენება უნდა მივცე. გარდა ამისა, ბოლო 4 წელია, საქართველოში არ მიცხოვრია, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს.

არ დავმალავ, მე მყავს გუნდი, მათ შორის – საჩხერეშიც. ამ ადამიანებმა ერთიანობა შეინარჩუნეს და ხელისუფლებამ მათი ვერც დაშინება შეძლო და ვერც მოსყიდვა. ეს გუნდი არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს. პირობას გაძლევთ, ეს გუნდი ხელისუფლების სამსახურში არ ჩადგება.

- რა აზრის ბრძანდებით ქართულ პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით?

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ქართველი ხალხის იმედი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტნიორები აირჩია და ჯერ-ჯერობით ისევ პასიური მოქმედების რეჟიმში რჩება, საზოგადოებაში ნიჰილიზმი უფრო მეტია, ვიდრე იმედი.

- როგორ შეაფასებთ მის პოლიტიკურ გუნდს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ოქტომბრიდან დღემდე?

- რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ვერ ვატყობ, ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდეს.

- რა პროგნოზებს გააკეთებდით ამ გუნდის საარჩევნო შანსებთან დაკავშირებით და არჩევნების შემდგომ?

- საარჩევნო შანსებს რაც შეეხება, მომდევნო პარლამენტი გაცილებით უფრო პლურალისტური იქნება, მაგრამ ივანიშვილის კოალიცია მასში უმრავლესობაში არ იქნება.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ივანიშვილის გადაწყვეტილება, რიგ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს გაემიჯნოს?

- ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ოპოზიციაში სადემარკაციო ხაზი გაავლოს, მის ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია. თუ მას სურდა, საერთო ეროვნული ლიდერი გამხდარიყო, ამას თანხმობის დარბაზის შექმნა და ქუდზე კაცის დაძახება სჭირდებოდა. მით უფრო მიუღებლად მიმაჩნია ივანიშვილის ახირება (და ამას სწორედ ახირება ჰქვია და არა სხვა რამ), ნინო ბურჯანაძე "სახალხო კრებიდან" და საერთოდ ოპოზიციიდან გამიჯნოს. უნდა თუ არა ივანიშვილს, მოსწონს თუ არა ეს, ნინო ბურჯანაძე სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, მისი, როგორც პოლიტიკოსის ცნობადობის ხარისხი ქვეყნის გარეთ ძალიან მაღალია და ეს, რასაკვირველია, ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ოპოზიციაში წასვლის შემდეგ ნინო ბურჯანაძე შეურიგებელია და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის "შავი პიარის" მიუხედავად, ვერავინ თქვა, რომ მან რაიმე ტიპის გარიგებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა და ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ არა ისეთი, რომ მას ვინმემ, თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ყოფნა აუკრძალოს.

ირინა არდაშელია, "ივერონი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100