რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების წევრებმა უჯარმის ციხის ტერიტორია დაასუფთავეს
კახეთში, საგარეჯოსთან ახლოს პატარა სოფლის - უჯარმის ციხე, რომელსაც მე-3 საუკუნის შემდეგ, მტრის რამდენჯერმე მოგერიება მოუხდა, დღეს ნახევრად დანგრეულია. საპატრიარქოში მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გეგმავენ. წელს, ციხის განახლების დაწყებამდე, მისი დალაგება და კეთილმოწყობა გახდა საჭირო.
5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, ეს საქმე საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა ითავა. ციხის დასუფთავებაში ნაკრებს თიბისი ბანკის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. მორაგბეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა და ქვები სხვა ადგილზე იყო გადასატანი. ირგვლივ ტერიტორია დასუფთავებას საჭიროებდა. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალებით უჯარმის სტუმრებმა აიღეს საკუთარ თავზე და ციხის მიმდებარედ სივრცე მთლიანად დაასუფთავეს.
დასუფთავებულ ადგილზე კოშკი ჯერ უნდა დაშალონ, შემდეგ კი იგივე ქვებით ხელახლა ააგონ, რაც განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის სასიხარულო, რომლებიც დასუფთავებაში მონაწილეობდნენ.
„ აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, გარდა ამისა გარემოს სისუფთავე და ჯანსაღი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, “ - გვითხრა 26 წლის, საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების წევრმა, გიორგი თოიძემ.
მორაგბეები თავიანთი ფიზიკური მონაცემების წყალობით მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს მარტივად უმკლავდებიან. სიმბოლურად მათ გოგონებიც ეხმარებიან. „კარგი იქნება თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად მოეწყობა. ეს სამომავლოდ გარემოს დასუფთავებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „თიბისი“ ბანკის თანამშრომელმა - მარიამ ჩემჩიშვილმა.
რაგბის 20 წლამდელთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს თან სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა „ლეგასი“ ახლავს, რომელსაც ყოფილი მორაგბე ნონო ანდღულაძე მეთავეობს და რომელიც მორაგბების სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას გულისხმობს. ამ პროგრამის განხორციელებაში ნონო ანდღულაძეს „თიბისი ბანკიც“ უერთდება, რომელიც 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერი და რაგბის კავშირის სპონსორია.
უჯარმის ციხე მეფე ასფანგურის დროს, მე-3 საუკუნეში აშენდა. მოგვიანებით მასზე მეფეები - გორგასალი, დაჩი, ვახტანგ V და გიორგი III ზრუნავდნენ. გიორგი III-მ უჯარმა ქვეყნის განძსაცავადაც აქცია. მე-13 საუკუნის შემდეგ, მონღოლთა ბატონობამ უჯარმას სამწუხაროდ, მნიშვნელობა დაუკარგა. უჯარმის ეკლესია წმინდა ნინოს ერთ-ერთი ჯვრის (რომელიც ნინომ სალომე უჯარმელს ამ ადგილზე გამოატანა) სახელზე აიგო. მას მერე, მადლის აღების მიზნით, ამ ეკლესიაში ჯვარი წელიწადში ერთხელ ამოაქვთ, შემდეგ კი სხვა ეკლესიაში მიაქვთ.
კომენტარი