ნორვეგიაში მოკლული თამთა ლიპარტელიანის ცხედარს ხვალ ჩამოასვენებენ
ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული ქართველი გოგონას თამთა ლიპარტელიანის ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.
ამ დროისათვის ქართული დიპლომატიური უწყება საჭირო დოკუმენტაციას ამზადებს.
ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით კერესელიძის განცხადებით, მიმდინარეობს საბუთების თარგმნა, რის შემდეგაც მათი აპოსტლით დამოწმება და ნორვეგიული მხარისთვის გადაცემა მოხდება.
გადმოსვენების შესახებ საბოლოო დეტალები დღის ბოლოსთვის გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ თამთა ლიპარტელიანი კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა, სადაც ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 68 ადამიანი მოკლა. ტერაქტს შემთხვევით გადაურჩა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი.
კომენტარი