presa.ge-ს, itv.ge-ს, droni.ge-სა და people.ge-ს გასხვისება-გაყიდვა არ იგეგმება
გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილთან დაახლოვებული პირები უახლოეს ხანში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს შეისყიდიან.
გაზეთის ცნობით, ტელეკომპანიის წილის დათმობის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს 90 პროცენტის მფლობელმა ძმებმა ყარამანაშვილებმა.
„პრაიმ ტაიმი“ წერს რომ ივანიშვილი დაინტერესებულია „კავკასუს ონლაინით“ და იმ ინტერნეტ-გამოცემებით, რომლებიც ერთ დროს ამ კომპანიას ეკუთვნოდა.
საუბარია „presa.ge“-სა და ინტერნეტ-ტელევიზია „itv.ge“-ზე, რომელიც დიდი ხანია „კავკასუს ონლაინის“ საკუთრება აღარააა.
„presa.ge“, „itv.ge“, „droni.ge“ და „people.ge“ შპს „დრონი.ჯი“ -ს მფლობელობაშია.
შპს „დრონი.ჯი“-ს დამფუძნებლის განცხადებით კი, კომპანიის გასხვისება-გაყიდვა არ იგეგმება.
შპს „დრონი.ჯი“-ს ხელმძღვანელი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს რომ ინტერნეტ-გამოცემები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ხოლო კომპანია ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.
„ნებისმიერი მცდელობა, რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცადოს ხელში ჩაიგდოს მედია-კომპანია, აღქმული იქნება რეპრესიად და ზეწოლად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობა კი დღევანდელ ხელისუფლებას დაეკისრება“, - აცხადებენ კომპანიის ხელმძღვანელები.
კომენტარი