სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედების გეგმას ამუშავებს

ირანში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევისათვის რუსული საიდუმლო გეგმის არსებობა დღეს სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა დაადასტურა.

ამის შესახებ რადიო „ეხო მოსკვი“ იუწყება. ოზეროვმა განაცხადა, რომ გეგმის დეტალებზე საჯაროდ "არავინ ისაუბრებს". რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია და ამ სცენარისთვის აქტიურად ემზადებიან. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების გეგმებს ამუშავებენ.

გაზეთის აღნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ ომის თავიდან აცილების ერთადერთო შანსი აპრილში საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით დაგეგმილი მოლაპარაკებებია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი კი აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან საიდუმლო თხოვნას შეასრულებს, რომელიც ამის შესახებ თეირანის გაფრთხილებას გულისხმობს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ომი წლის ბოლომდე დაიწყება და მოსკოვი ამისთვის წინასწარ ემზადება. რუსმა დიპლომატებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ მოსკოვმა საიდუმლო გეგმაც შეიმუშავა. „ირანის წინააღმდეგ ომის შემთხვევისათვის ჩვენი მოქმედებები გავთვალეთ“, - განუცხადა კომერსანტს წყარომ რუსეთის სამხედრო უწყებაში.

მან ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა სამხრეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის და გამოთქვა აზრი, რომ მთავარ საფრთხეს ირანიდან აზერბაიჯანში დევნილთა შესაძლო მასობრივი გადასვლა წარმოადგენს. “საბრძოლო მოქმედებებმა ირანში შესაძლოა კავკასიაში ისედაც რთული სიტუაცია გაამწვავოს, შესაძლოა, რაღაც ხვრელების დაფარვა მოგვიხდეს. ეს კი უკვე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება,“ - განუცხადა "კომერსანტს" რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.

ამით მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება. რაც შეეხება, „ხვრელებს“, რომლებზეც რუსი მაღალჩინოსანი საუბრობდა, ამაში შესაძლოა, სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებთან პირდაპირი კავშირის არარსებობა იგულისხმება.

გასულ თვეებში რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ გამოქვეყნა ცნობები იმის შესახებ, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთი შეეცდება საქართველოს გავლით სომხეთში „დერეფანი“ გაჭრას, რათა თავისი სამხედრო ბაზების მომარაგება უზრუნველყოს. თუნდაც ამ „დერეფნის“ გასაჭრელად საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დასჭირდეს.

შემოდგომაზე რუსეთი კავკასიაში უპრეცედენტო მასშტაბების წვრთნების”კავკაზ -2012” ჩატარებას გეგმავს, რომლებშიც ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული ნაწილების გარდა, ჩაერთვებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სომხეთში მყოფი რუსული ძალებიც. რუსული წყაროების ცნობით, ამ წვრთნების მიზანი სწორედ ირანის გარშემო კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში მოქმედებების დამუშავება იქნება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100