გდდ-ის ინსპექტორის მიერ ატენში ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ ატენში 31 ივლისს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო სწორედ სპეცრაზმელი დემეტრე რევაზაშვილი.
მოგვიანებით საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გამოიკვეთა. შსს-ს ინფორმაციით, ეს არის იოსებ ბარჯაძე - პირი, რომელმაც ატენში მომხდარის ყველა დეტალი იცის. თუმცა ამ დრომდე ეძებენ.
უკვე 9 აგვისტოს კი პროკურატურამ, ატენში მომხდარ დაპირისპირებაზე, გდდ-ის ინსპექტორსა და საქმის ოქროს მოწმეს ბრალდება დაუმძიმა. ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქვე, ცნობილია ისიც, რომ ბრალდებულის ძმა შსს-ს მაღალჩინოსანია, ცემის შედეგად დაღუპული მიხანაშვილის ძმა კი ინტერპოლის მოქმედი თანამშრომელია. წყარო ამბობს, რომ ის ინციდენტის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა
კომენტარი