სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად არიან ჩართული რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. რუხის ინოვაციური ცენტრის პროექტი მათი აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

რუხის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა და ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და მიიღონ საჭირო ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

„სამეგრელოში ეს უკვე მეორე ინოვაციების ცენტრია. აქ, რუხში, ე.წ. საზღვართან ახლოს, ინოვაციური ცენტრის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობასთან ინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სამეწარმეო და ბიზნესმოტივაციების ზრდას, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

ახალ ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები ჩატარდება. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი ინოვაციური იდეები განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.

ინოვაციების ცენტრი განთავსებულია სოფელ რუხის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ და სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში”, რომელიც ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარეობს და „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა. მრავალფუნქციური ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით ისარგებლოს. ტექნოპარკის გახსნა რუხის სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საქართველოში გაიხსნა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში მეორე ტექნოლოგიური პარკი გახსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100