წყვილი, რომელიც სიკვდილმაც ვერ დააშორა: რამაზ ჩხიკვაძეც აღარ არის...
„ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქიდან – მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე... მერე როგორც ხდება ყველაფერი... ბევრი მძიმე დღეც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობაც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება... რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ... ჩემი ცოლი არც სოკრატეა და არც არისტოტელე, ჩვეულებრივად განათლებული ქალია, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონების პატრონია. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს, ასატანია... ნატაშა არასოდეს მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემ მიმართ, ამით ძალიან მეხმარებოდა. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“. ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია, ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა... ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსთაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ...“
რამაზი დღეს
როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა – ლია ელიავას ინფარქტი დაემართა. შევარდნაძის წასვლისას – რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა გულზე პრობლემები. მისი „მოსვლა-წასვლა“ ორი ხელოვანის კარდიოგრამაზე აისახა: „ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას... მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე... ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი, სიცოცხლე ვის არ უნდა, კაცო, და მეც მინდა... წამლებში ვარ სულ... უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღდგეს...
ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით... პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდეც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არაც ჭამა... საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვიკმარებდით... ჩვენ რომ ღვინის სმისა და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა... ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავსხდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს... აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ... ახლა მოგონებებით ვცხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო... დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ იცი, რა აკეთო. ისიც, თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკარუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ... ჩვენს წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკირუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და... მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურმარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლოს და ბოლოს, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ისვრის ვინ – ბოთლს. აბა, ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგვხვდა იმ დღეს... სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ, სად იყავით, კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება...
რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში... სამუშაო არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები, სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო. ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება... ჩემისთანა კაცი შეიძლება რომ ნაწყენი იყოს კიდევ რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ, გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის...“
რეზო შატაკიშვილი, "პრაიმტაიმი", 2 სექტემბერი, 2010.
"დრონი.ჯი": - რამაზ ჩხიკვაძის დამკრძალავი კომისია დღეს შეიკრიბება. უკვე გადაწყვეტილია, რომ გენიალური ქართველი მსახიობი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
კომენტარი