სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერიის რომელი პროექტი ყოფილა მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი? - კალაძე ფარულავას

ავლაბრის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა, კალაძესა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს მერთან კითხვები ჰქონდათ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით.

კერძოდ, მათი თქმით, ადგილზე სავაჭრო მოედნის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 18 მეტრის გათხრა იგეგმება. ლაშა ფარულავას თქმით, ეს საფრთხისშემცველია, როგორც მეტრო სადგურისთვის, ისე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

"ავლაბრის მოედანზე, ჩვენს პირდაპირ დაგეგმილია ამ სავაჭრო მოედნის მშენებლობა. პროექტში პირდაპირ წერია, რომ 18 მეტრი უნდა გათხაროს კომპანიამ, ეს არის საფრთხისშემცველი, როგორც მეტრო-სადგურისთვის, ასევე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მერისგან რეაგირებას, რომ შეჩერდეს აღნიშნული პროექტი და გადაიხედოს თავიდან ბოლომდე", - თქვა ლაშა ფარულავამ.

კახა კალაძე კი ამტკიცებდა, რომ მერია საფრთხისშემცველ გადაწყვეტილებებს არ იღებს. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის აშენებას, კალაძემ პირობა დადო, რომ ჩატარდება კვლევა, რომელიც აჩვენებს, საშიშია თუ არა ადგილზე პროექტის განხორციელება.

"იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, რომ მერწმუნეთ, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხისშემცველი იქნება, თუნდაც მინიმალურად 1%-ით და პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას.

რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის.

კვლევების შედეგად თუ ჩვენ გვექნება სურათი, რომ ამ პროექტის განხორციელება საშიშია და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, რომ პროექტი განხორციელდეს", - მიმართა კალაძემ ფარულავას

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100