„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე...ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია და კითხვის ნიშანი აქვს.
„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება ფერი. ჩემი თხოვნით მანქანის გადაადგილების კვალიც აიღეს. მტკიცებულებების განადგურება მერე რომ არ მომხდარიყო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კომენტარი