სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება რუსთავი 2-ში ე.წ. დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი და მედია ჰოლდინგი დრონი (presa.ge-ის, itv.ge-ის, droni.ge-ის, people.ge-ის, internet.ge-ის, radio.ge-ის, sportline.ge-ის, fashionline.ge-ის და სხვა ინტერნეტ მედია პორტალების მფლობელი კომპანიები), მიიჩნევენ რომ გუშინ ღამე, ფარულად, ხელისუფლება, მოსამართლე ურთმელიძის ხელით, უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ პროცესს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დამოუკიდებელ, კრიტიკულ და ნომერ პირველ არხს საქართველოში - რუსთავი 2-ს და ვგმობთ ქვეყნის არაოფიციალური მმართველის სახიფათო მცდელობას - ხელში ჩაიგდოს და დაიქვემდებაროს პოპულარული, გავლენიანი და მაღალრეიტინგული მედია-რესურსები.

მიგვაჩნია რომ ხელისუფლება, თავისი მოქმედებებით გასცდა კონსტიტუციის ჩარჩოებს და ხელს უწყობს დაძაბულობას, არეულობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო სექტორს, კოლეგებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ერთობლივი ძალებით შევაჩეროთ ძალაუფლების უზურპაციის სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებისა და მისი ჩრდილოვანი მმართველის მისწრაფება - დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ბნელ წარსულში დაბრუნების თაობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100