უკმაყოფილო მოქალაქის წერილი დავით უსუფაშვილს
თემურ ავალიანი აშშ-ში მოღვაწე ქართველი გახლავთ, რომელიც 16 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საერთაშორისო ორგანიზაციის „კავკასია ომების გარეშე“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრ ავალიანს სხვადასხვა დროს არაერთი ღია წერილით მიუმართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყქნის ლიდერებისთვის და საქართველოს პრობლემებით მათი დაინტერესება არაერთხელ უცდია. ერთი წლის წინ ავალიანმა ღია წერილი საქართველოს პრემიერსაც მისწერა (http://droni.ge/?m=1&AID=5220). დღეს კი ყოფილი ემიგრანტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. დავით უსუფაშვილის მისამართით დაწერილი წერილი ავალიანმა droni.ge-ს რედაქციაში მოიტანა და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.
ბატონო დავით:
კადნიერებაში ნუ ჩამითვლით, რომ ამ ღია წერილით მოგმართავთ თქვენი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში თქვენ ხართ ერთ-ერთი რეალური პოლიტიკოსი, რომელსაც ბევრ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა და რეაგირება შეუძლია.
ასეთი ღია წერილებით მე ბევრჯერ მიმიმართავს მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ლიდერებისადმი და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი, სადაც ძირითადად საქართველოს პრობლემებზე და რუსეთY- საქართველოს
_ ურთიერთობებზეა საუბარი. ამ თემაზე დავწერე ასამდე სტატია-გარკვეული მიზეზების გამო რუსულ ენაზე.
მაგრამ დღეს საქმე ეხება არა საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის პრობლემებისადმი, არამედ ქვეყნის შიგნით _ განვითარებულ არასასურველ მოვლენებს, რომლებმაც დამანგრეველი შედეგები შიძლება იქონიოს ქვეყნის მომავალზე, ჩვენს ადგილზე საერთაშორისო თანამეგობრობაში. ბუნებრივია, თქვენ შეიძლება უფრო ნათელი ხედვები გქონდეთ, მაგრამ რადგან საქმე სამშობლოს ეხება, ამაზე ღირს საუბარი. რადგანაც წერილის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას-მე მოკლედ შევეხები მთავარ საკითხებს.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა
დიდი ფუფუნება იქნება თუ ამ მდგომარეობას შევაფასებთ როგორც უძრაობის პერიოდს, რადგანაც ამ ათი თვის მანძილზე მისი მოძრაობა ვარდნისკენ მინუს ერთამდე დავიდა და მომავლის არავითარი პერსპექტივა არ სჩანს, შეჩერდა თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც რესპუბლიკური ისე ადგილობრივი მაშტაბებით, გაიზარდა უმუშევრობა, სიღარიბე და უიმედობა. არჩევნების წინ ხალხი შეცდომაში იქნა შეყვანილი, როცა თქვენი კოალიცია, ბ.-ნი ივანიშვილის მეთაურობით, მათ პირდებოდა ,,ცნობილ ექსპერტთა მიერ შემუშავებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საოცარ პროექტს~, რომელიც 2-3 წელიწადში ქვეყანაში ,,რძის მდინარეებს~ შექმნიდა და ხალხის ბედნიერ ცხოვრებას უზრუნველყოფდა, სად არის ეს პროექტი?
არაფერს ვამბობ დაპირებებზე, რომლებსაც არჩევნების წინ უხვად გასცემდით და რომლიდანაც დღემდე თითქმის არაფერი შესრულებულა. თუ რაიმე შეასრულეთ დაბეჭდეთ პრესაში, გამოეცით ბიულეტინები, აცნობეთ ხალხს. გვაცნობეთ-უახლოვდება თუ არა ჩვენს საზღვრებს ის ასი საწარმო, რომლებსაც ბ.ნი ბიძინა დაგვპირდა?
უიმედობა გვეუფლება, როცა ეკონომიკის მინისტრი თანხმდება ოპოზიციის წინადადებას მიიღოს მათგან რჩევები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მიზნით (ე.ი დღევანდელი ხელისუფლება გამოსავალს ვერ ხედავს?), ხოლო კულუარებში მსჯელობის შემდეგ უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე რაღაც ,,პიარის~ მომიზეზებით. ე.ი. ,,პიარის~ გამო ქვეყნის და ხალხის მდგომარეობა არ გაღელვებთ?
ფინანსთა მინისტრი, ნამდვილი პროფესორი – ბ.ნი ხადური ხალხს ამშვიდებს არავითარი კრიზისი და ვარდნა არ გვაქვს, ერთ პროცენტიან მატებას ევროპის
- ბევრი განვითარებული ქვეყნები შენატრიანო. მაგრამ ამით დღეს პირველი კურსის სტუდენტსაც ვერ მოატყუილებთ ბატონო მინისტრო-საქმე პროცენტთან ერთად ცხოვრების დონესაც ხომ ეხება-გერმანიის ერთი პროცენტი და საქართველოს ერთი პროცენტი ერთრაკურსში უნდა განვიხილოთ?
- ბატონო თავჯდომარევ! არ შეიძლება თქვენ და თქვენი თანამოაზრეები არ
-ხედავდით ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას და როცა
-არავითარი ეფექტური ზომები არ ტარდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, შეიძლება ამას ქვეყნის სრული ეკონომიკური და ფინანსური კოლაფსი მოჰყვეს, ამიტომ აუცილებელი და სავალდებულოა თანამშრომლობა როგორც ქვეყნის შიდა ძალებთან, ექსპერტებთან, ისე ქვეყნის გარედან მოწვეულ სპეციალისტებთან-ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
და როცა ასეთ დროს ბატონი ივანიშვილი მიდის და ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში ტოვებს, უნებურად გვიჩნდება კითხვა- რა იყო მისი მოსვლის მიზანი- არსებული ხელისუფლების დამხობა და ამით რაღაც დავალების შესრულება, თუ ქვეყნის განვითარება და გაძლიერება? პასუხი ჩემი აზრით სრულებით გარკვეულია.
სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ყველა რეალურად მოაზროვნე და ანალიზის უნარის მქონე მოქალაქე თანხმდება, რომ წინა ხელისუფლებას დიდ მიღწევებთან ერთად ჰქონდა სერიოზული შეცდომები და დანაშაულებები, რომელთა ახსნა და გამართლება თვით ამ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი უჭირთ.
სწორად ამის გამო ხალხმა მათ უნდობლობა გამოუცხადა და ხელისუფლებაზე უარი უთხრა. დიდი როლი ითამაშა ბატონი ივანიშვილის ფაქტორმა და ციხის კადრებმა რომელიც დაგეგმილად იქნა გამოყენებული. ვერ დავეთანხმები ბატონ კბილაშვილს, რომ ამ კადრებმა ციხეში მრავალი პატიმარი გადაარჩინა წამებას, რადგან ერთი წლის განმავლობაში პატიმრების წამება
-გრძელდებოდა, ხოლო ,,ოპერატორ~ ბედუკაძის კადრები ერთი წლის მანძილზე შესაფერის დროს ელოდა, რომ არჩევნებში გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ ფაქტიურად არშემდგარი სახელმწიფო მიიღო-მოშლილი სახელმწიფოაპარატით და ინსტიტუტებით, ფაქტიურად დაკარგული ტერიტორიებით და გადაგვარებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და არმიით, კორუფციული ჩინოვნიკებით და სახელმწიფო მართვაში მონაწილე ,,კანონიერი~ ქურდებით, მათ შეძლეს ყოველგვარი დაპრკოლების გადალახვა და ქვეყანას სახელმწიფოს სახე დაუბრუნეს, უფრო მეტიც მათ გაუძლეს რუსეთის არნახულ ზეწოლას და ომს, 16-ჯერ გაზარდეს სახელმწიფოს ბიუჯეტი, პენსიები და დახმარებები, მოახდინეს მსოფლიო ინსტიტუტების მიერ შეფასებული მაღალ რეიტინგული რეფორმები, მნიშვნელოვნად გააფართოვეს და კეთილ მოაწყვეს ტურისტური ინფრასტრუქტურა მოიზიდეს ინვესტიციები და ქვეყანაში უზრუნველყვეს წესრიგი და უსაფრთხოება. ბევრ ფაქტებს არ მოვიყვან, რადგან არავითარი სურვილი არ მაქვს მათი ადვოკატი ვიყო, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით სიმართლე უნდა ვთქვათ. უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ მათ მოახერხეს რუსეთის კლანჭებიდა თავის დახსნა და ჩვენი ტკივილების საერთაშორისო თანამეგობრობამდე მიტანა, მათი
-მხარდაჭერის და გვერდში დგომის უზრუნველყოფა, რამაც დღემდე საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა.
როცა დღეს თქვენი ხელისუფლების უუნარობას და მოუქნელობას ვუყურებ-თქვენ ასეთი მაშტაბის სამუშაოების ჩატარებას ვერ შეძლებდით ბატონო დავით! ეს სიმართლეა და სიმართლე უნდა მიიღოთ, რაც არ უნდა გძულდეთ სააკაშვილი და გნებავთ ის ადამიანები რომლებიც სიმართლეს გეტყვიან.
ყველა ვთანხმდებით, რომ ჩადენილ დანაშაულზე, რომლის გამოძიება იქნება გამჭირვალე, ყოველგვარი დაქირავებული, შემთხვევითი მოწმეების და შეთითხნილი ბრალდებების გარეშე, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და შესაბამისი სასჯელი მიიღოს.
მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც დღეს საქართველოა, რომელსაც
-უამრავი უფრო მძიმე და აქტუალური პრობლემები აწუხებს, ამ საკითხის უპირველეს საკითხად წამოწევა და პატრიარქის შეფასებით ,,მთელი საქართველოს სასამართლოდ გადაქცევა~ მარტო შეცდომა კი არა დანაშაულია.
დანაშაულებები და გადაცდომები, რომლებიც ხდებოდა წინა ხელისუფლების მმართველობისას, სისტემური იყო ის თუ არა სისტემური, გარდა სიცოცხლის მოსპობისა, ყველაფერი გამოსწორებადი იყო და მისი დაძლევა შესაბამისი ორგანოების მაღალი კვალიფიკაციის და კომპეტენტურობის პირობებში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე შეიძლებოდა. ჩვენ ვინც საბჭოთა კავსირი გამოვიარეთ, კარგად ვიცით როგორ შევიდა ისტორიაში 1937 წელს კომუნისტების მიერ მოწყობილი რეპრესიები-ხალხის მტრების დასჯის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით.
მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე და დღესაც დაუმთავრებელმა ამ პროცესებმა მკვეთრად გააუარესა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, მის მიერ მოპოვებული რეიტინგების და რეფორმების ავტორიტეტი, წარმატებები დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში (ბ.ნი ივანიშვილი ყველგან – შინ და გარეთ-ცდილობს მათ გაუფასურებას) შეწყდა ინვესტიციები, დაშინდა
-ბიზნესი, ქვეყანაში შეიქმნა არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, მოხდა დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის, ხორციელდება ძალადობა და ზეწოლა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებზე და მათ წევრებზე, ქ.თბილისის და სხვა დიდი ქალაქების საკრებულოებზე.
სამუშაოდან უმიზეზოდ, ზოგჯერ ზეწოლით და დაშინებით ითხოვენ და ათავისუფლებენ ათასობით ადამიანს. კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების დარღვევით შეიცვალა 55-მდე რაიონების გამგებლები და საკრებულოების თავჯდომარეები. ქ.ნ. ბესელია კი დუმს-ის ვერ ,,ამჩნევს~ ამ დარღვევებს.
- ამ გადასახედიდან, რამდენადაც გადაჭარბებულად არ მოგეჩვენოთ,-ანარქიამდე და ქაოსამდე დიდი მანძილი არ არის. რა არის ეს ბატონო დავით! ხელისუფლების არაკომპეტენტურობა თუ ქვეყნის დასუსტების წინასწარ შედგენილი გეგმა მისი ევრაზიის კავშირში შესასვლელად?
შესამჩნევია ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საფინანსო პოლიციამ - აშკარად შეითავსა საბჭოთა ,,ობეხეს~-ის (ასე ეძახდნენ ხალხში) როლი. შინაგან საქმეთა მინისტრი აშკარად აგვიანებს მის ზედამხედველობაში არსებული საქმეების გამოძიების დამთავრებას, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ელფერი დაკრავს. ამასთან ერთად ის აცხადებს, რომ არავის მისცემს უფლებას ჩაერიოს ,,მისი~ სამინისტროს საქმეებში. ეს ხელისუფლების უზურპაციაა თუ ზედმეტი თავდაჯერებულობა? აქვს თუ არა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს სურვილი - პროტესტი მაინც გამოთქვას მინისტრის ამ განცხადებაზე?
ბატონო დავით! ქვეყანა ცოცხალი ორგანიზმია და ზოგიერთ არასასურველი პროცესები ქვეყანაში ხელისუფლების დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და მიუხედავად თქვენი ხელისუფლების დიდი მცდელობისა, მაინც ხდება მოვლენები რომლებიც წარსულის იდენტურია. და თუ ამ ფაქტებს 9 წელზე გავამრავლებთ საკმაოდ სოლიდურ ციფრს მივიღებთ. ამიტომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისე პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც ბ.ნ ივანიშვილს თავის ერთგულებას უმტკიცებენ, თავი უნდა დაანებონ მუდმივად ძველი ხელისუფლების შეცდომებზე აპელირებას და ილაპარაკონ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც პარლამენტში დაისმება. - ამით განსაკუთრებით სცოდავენ ქ.ნი კობახიძე, ქ.ნი ბესელია, ბ.ნი ცაგარეიშვილი და მრავალი სხვა. ქვეყანა წარსულში არ უნდა დარჩეს, ვიფიქროთ თუ მომავალზე არა-დღევანდელ დღეზე მაინც.
საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი და რუსეთთან ურთიერთობა.
ვისაც შეუძლია თვალყური ადევნოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ სირთულეებს და სერიოზულ წინაამღდეგობებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აწყდება მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად, არ შეიძლება არ შეამჩნიოს რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის-ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება და ინტერესი საქართველოს პრობლემებისადმი თანდათან უკანა პლანზე იწევს და ის აშკარად ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორც ამას წინა ხელისუფლება აღწევდა.
- ღონისძიებები და შეხვედრები ევროპულ სტრუქტურებში გასაერთიანებლად რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. იმ გეგმის ნაწილია რომელიც ადრე იყო გათვალისწინებული და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აქტიურობასთან არ არის დაკავშირებული. ვილნიუსის სამმიტი გამოაჩენს რამდენად ენდობა ევროპა ივანიშვილის ხელისუფლებას და რამდენად მყარია ჩვენი პოზიციები ამ სტრუქტურებში გასაერთიანებლად. დადებითი გავლენა ამ მიმართულებითუნდა იქონიოს არა ივანიშვილის და მისი მთავრობის ზოგიერთი წევრის ტრაფარატულმა განცხადებებმა-ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი გაერთიანების შესახებ (იმ დროს როცა ქვეყნის შიგნით ყველაფერი კეთდება ამის საწინააღმდეგოდ) არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებამ, და იმის გაცნობიერებამ, რომ ისინი კარგავენ საქართველოს.
ბატონო თავჯდომარევ! უკანასკნელ ოცწლეულში პატარა საქართველომ თავის თავზე გამოსცადა თუ როგორი სუსტია და დაუხვეწავი საერთაშორისო უშიშროების სისტემა, როგორ თავისუფლად დიდი სახელმწიფოები ახორციელებენ ძალადობას პატარა სახელმწიფოებზე და მის ხალხზე. როგორ დაუსჯელად შეუძლიათ მათ დაგლიჯონ და დაანაწევრონ მათი ტერიტორიები, მიიტაცონ ისინი და გადმოწიონ თავიანთი საზღვრები. ჩვენ ვნახეთ რა უსუსური და ამორფული მსოფლიო უშიშროებაზე პასუხისმგებელი-გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი უშიშროების საბჭო, სადაც აგრესორ და ოკუპანტ რუსეთს უფლება აქვს ვეტო დაადოს თავის მიერ ჩადენილი აგრესიის განხილვასაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის კატასტროფულ შედეგებზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ და ხალხმა მიიღო.
ძალზე სუსტია ამ მხრივ ჩვენი საგარეო უწყების მუშაობა, ჩვენი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ჩვენმა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა უფრო მეტი უნდა იფიქრონ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზე და სცადონ მაინც რაღაც წინადადებები და პროექტები შესთავაზონ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ მსოფლიო გამოვიდეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, შემუშავდეს უფრო ეფექტური მსოფლიო უშიშროების სისტემა რომელიც ბოლოს მოუღებს დღევანდელ ძალადობას, დიდი სახელმწიფოების უხეშ ცდებს გავლენის სფეროების გასაფართოებლად და უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს პლანეტაზე. მაგალითად ჩვენ შეიძლება მოვამზადოთ გაეროში განსახილველად ახალი სახალმწიფოების ცნობის პროექტი. თუ რამდენი სახელმწიფოს აღიარებაა საჭირო მათი ლეგიტიმაციის დასამტკიცებლად. ან გადაიხედოს უშიშროების საბჭოში ვეტოს საკითხი და როცა საქმის განხილვა ეხება უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მოქმედებას, მას ვეტოს უფლება ჩამოერთვას. ვთხოვოთ მათ ნატოში მიღებამდე რაღაცფორმით დაგვიცვას რუსეთის მორიგი მოსალოდნელი აგრესიისგან`
თქვენ ბატონო თავჯდომარევ, თქვენი კოალიციის ბევრ წევრს რომლებთაც კარგად გესმით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, არ შეიძლება არ
-გაღელვებდეთ ბატონი ივანიშვილის დილეტანტური და აშკარად გაუნალიზებული განცხადებები ,,რუსეთთან ურთიერთობის დალაგების~ შესახებ. იმის გამო, რომ ბატონმა ივანისვილმა ორი მილიარდი ჩადო საქართველოს ელექტორატში და ფაქტიურად ამით გაიმარჯვა არჩევნებში, ნუ გადაიქცევით ყველა ,,კოლექტიურ პლასტელინებად~ და ამ ადამიანის პროვინციული პოლიტიკის მსხვერპლად. აუხსენით ბატონ ივანისვილს, რომ პუტინი და რუსეთის იმპერია მარტო საქართველოს პრობლემა კი არა მსოფლიოს პრობლემაა და მათთან ურთიერთობის დალაგებას, საერთაშორისო თანამეგობრობაც ვერ ახერხებს. რომ პუტინს აწყობს საქართველოს ეწოდებოდეს ,,ტიფლისკაია გუბერნია~ და არავითარ კეთილმეზობლურ, თანასწორუფლებიან ურთიერთობას ის საქართველოსთან არ გეგმავს. გაუკეთეთ მას უბრალო, მარტივი ანალიზი თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას და ევრაზიის კავსირში ჩვენი შესაძლო გაერთიანების განცხადებასაც კი. შეახსენეთ მას რომ რუსეთი კატეგორიულად გვიკრძალავს და გამორიცხავს საქართველოს რუსეთთან და ნატოსთან ერთდროულ, პარალელურ ურთიერთობას და მისი ასეთი განცხადებები ზიანის მომტანია ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობისათვის, გარკვეულ ეჭვს იწვევს ჩვენს პარტნიორებში პუტინის მარტო ახალი განცხადება ,,სამხრეთ ოსეთის~ საზღვრების მოწესრიგების შესახებ რად ღირს.
მარათალია ბევრი ჩვენგანი, გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ მიესალმება ბატონი ივანიშვილის პოლიტიკიდან ასეთ მოულოდნელ წასვლას, მაგრამ ისეთ პირობეში როცა საქართველოს დღევანდელი ლიდერი ამჟღავნებს ასეთი დაბალი პოლიტიკური მომზადების დონეს და ქვეყნის ეკონომიკა თითქმის კოლაფსამდე მიიყვანა, მისი წასვლა დროული და გამართლებულია.
რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ის ტოვებს პოსტს იმ მიზნით, რომ გადავიდეს საზოგადოებრივ სექტორში და აქედან უფრო მეტი სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას-მორიგი ფარსია და ამ განცხადების რეალობაში ვერავის დააჯერებთ.
რადგანაც დღეს ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე არ სჩანს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი (ივანიშვილი კულისებიდან მართვის წინააღმდეგია), რომელიც ქვეყანას ამ რთული მდგომარეობიდა გამოიყვანს, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, მის თავჯდომარეს, მისი კომიტეტების და ცალკეული დეპუტატების მუშაობას. საქართველო ფაქტიურად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.
- და ბოლოს თქვენს წინაშე მინდა დავსვა საკითხი, რომელმაც ამ ღია წერილის დაწერა გადამაწყვეტინა. და რომელიც მე ჩემს ადრინდელ წერილებში რამდეჯერმე დავსვი საქართველოს მთავრობის და საზოგადოების წინაშე:
რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ფაქტიურად დაამთავრა საქართველოს მხარდაჭერის ღონისძიებები 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე და ძალიან ფაქიზი-არაღიარების პოლიტიკის ამარად დაგვტოვა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით და ვიბრძოლოთ ჩვენი დევნილების დაბრუნებისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად ბირთვულ ომს არ დაიწყებს, ამიტომ ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს საკითხი სამართებლივ სივრცეში-გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რომელიც სახელმწიფოებს შორის სამართებლივ დავებს იხილავს: მათ შორის ეთნიკური წმენდის და ტერიტორიების მიტაცების შესახებ, აგრესიის და ომის შედეგად ადამიანთა მსხვერპლის გამო ინიშნება სპეციალური სამხედრო ტრიბუნალები...
ჩვენ უნდა ვთხოვოთ გაეროს, საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება პრინციპულად არ ასრულებს მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების დადგენილებებს, ხელსეკრულებებს და რეზოლუციებს-დანიშნოს სპეციალური საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე და გამიოტანოს შესაბამისი დადგენილება როგორც დევნილების დასაბრუნებლად ისე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. დღეს ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტები, რომ კონფლიქტები ჩვენს ტერიტორიაზე, ისე როგორც სხვა სახელმწიფოებში, (მოლდავეთში, აზერბაიჯანში), ინსპინირებულია რუსეთის იმპერიის მიერ და სწორედ მათ მიიყვანეს ისინი დღევანდელ მდგომარეობამდე. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერა-რუსეთი ცნობილია როგორც აგრესორი და ოკუპანტი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების ფაქტზე უნდა მოვახდინოთ მთელი ჩვენი იურდიული რესურსების მობილიზაცია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების და ისტორიკოსების მოწვევა, რომ ამ სასამართლოს გამართული და საჭირო დოკუმენტები წარვუდგინოთ, რომ არ მოხდეს ისეთი გაუგებრობები, რომელიც ჩვენ ადრე დაგვემართა. და თუ უკიდურეს შემთხვევაში ამ სასამართლოს დანიშვნა მოითხოვს რაღაც პრეცედენტს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ პრეცედენტის დაშვებას.
იმედია როგორც ძველი ხელისუფლება ისე ბატონი ივანიშვილი ამ საკითხების მომზადებაში ბარიერებს არ შეგვიქმნიან.
ჩვენ კი უნდა ვიჩქაროთ ბატონო დავით! დრო, როგორც განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
კომენტარი