"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და "ქრისტიან-დემოკრატების" საკრებულოს ფრაქციას შორის დაპირისპირება მოხდა
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და "ქრისტიან-დემოკრატების" საკრებულოს ფრაქციას შორის დაპირისპირება მოხდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატმა, ინგა გრიგოლიამ განუცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ხმელნიცკის ქუჩაზე, ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას ხვდებოდნენ, მათთან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ერთი ჯგუფი მივარდა და ხალხის დაშლა მოითხოვა.
"ნიღბები აკლდათ, სხვა მხრივ კი სპეცრაზმელებივით იქცეოდნენ. მოითხოვეს, რომ ხალხი სასწრაფოდ დაშლილიყო და თან ამბობდნენ – უბანი არის ხვიჩა სანაიასი და უბანი მას სცემს პატივსო. ხვიჩა სანაია არის ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატი საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობიდან". ხალხს ემუქრებოდნენ, დაიშალეთ თორემ დაგშლითო. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რასაც არც მეტი არც ნაკლები მოსახლეობის ტერორის სახე აქვს", - განაცხადა გრიგოლიამ.
ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატი ხელისუფლებას აფრთხილებს, საკუთარ ხალხზე ტერორი შეწყვიტოს.
"გვიპასუხონ, რას ემსახურებოდა დღეს ამ ზონდერბრიგადების იქ მოვარდნა "ქრისტიან-დემოკრატების" წინააღმდეგ. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქურდული მენტალიტეტი ალაგმა, მოვითხოვთ, განგვიმარტონ, რას ნიშნავს ფრაზა – უბანი ხვიჩა სანაიასია", - აღნიშნა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, მათთვის უკვე ცნობილია თავდამსხმელებიდან ოთხი პიროვნების სახელი და გვარი. "ესენი არიან ვალერი მუჯირიშვილი, ზურაბ ძნელაძე, მამუკა რაზმაძე, პაატა კობალეიშვილი. ჩვენ ხელთ გვაქვს მათი ფოტოებიც და მათი ნამოქმედარის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს", - აღნიშნა გრიგოლიამ.
დასახელებული პიროვნებების ფოტოებს ინგა გრიგოლია დღეს, 15:00 საათისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენს.
კომენტარი