"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან
არხოტის ხეობის სამ სოფელს - ამღას, ჭიმღას და ახიელს დღეს 5 მაცხოვრებელიღა აცოცხლებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, ამ ზამთარს ხუთიდან ორი - ბარში მიდის და თითო სოფელში თითო კაციღა დარჩება. მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან, 43 წელია სამშობლოს კართან გუშაგად დგას, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი აქვს, სოფელს მაინც არ ტოვებს. "შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი, მარტოდ ვარ ამ გაუსაძლის პირობებში, რაღაც არ მიშვებს აქედან... ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს, იქნებ, რამე გვეშველოს... აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ, დარჩა მთა მიუხედავი... მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“- წუხილით მეუბნება პოეტი გიგლა ოჩიაური და მისი ნაამბობის გააზრებით იმ გაუსაძლისი ყოფის მონაწილედ გხდის, რომელიც წლების წინ სრულიად გაცნობიერებულად აირჩია. "არხოტს პატრონი არა ჰყავს“ - არავინაა ჩვენი სოფლის პატრონი, შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი... ყველამ იცის ჩვენი პრობლემა, მაგრამ თავს არავინ იწუხებს სამი სოფლიდან მარტო ერთს - ჭიმღას არ აქვს შუქი, ჰესი იმდენ დენს არ გამოიმუშავებს, ყველას ეყოს. შემოდგომა როცა დგება, ყველა გამათბობელს რთავს და ითიშება. სამივე სოფელში 5 ადამიანია დარჩენილი და ხუთივე პენსიონერი. დენი რომ არ წავიდეს, ერთ სოფელს უნდა გაეთიშოს და მეოთხე ზამთარია, მე მითიშავენ. გამგეობას შევთავაზე, გრაფიკი მაინც დაგვიწესეთ-მეთქი, რიგ-რიგობით ჩაგვირთან მაინცა. გრაფიკი რომ გვექნება, გვეცოდინება და სოფელი მოემზადება, სიბნელე მოულოდნელად რომ არ დაატყდეს თავს. ვერც ამას აგვარებენ... არხოტის ტერიტორია, მთელი 100 ათასი ჰექტარი მიწა 5 ადამიანზეა და შუქი არ გვაქვს. ამღაშიც ერთი მოხუცი ცხოვრობს, ახიელში - სამი, აქედან ამ ზამთარს 2 ბარში მიდის და იქაც ერთი კაციღა რჩება. ბავშვები გაიზარდნენ, დათხოვდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ, აბა, ამ ჯოჯოხეთში ვინ დაგიჯდება? სამანქანე გზა მაინც გაეკეთებინათ...
კომენტარი