"საარჩევნოდ იყვნენ მოსულები და დაგვპირდნენ, თუმცა..."- 4 წელი შუქისა და გაზის ხვეწნაში და უპატრონოდ დარჩენილი 22 ოჯახი
თინათინ ბენიძე უკვე ოთხი წელია გლდანში, პოლიციის წინ მდებარე დევნილების კორპუსში სამადლოდაა შესახლებული და ოთხ შვილთან და უმუშევარ ქმართან ერთად ცხოვრობს.
ის აფხაზეთიდან დევნილია და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ქუჩაში დარჩებოდა, რომ არა დევნილების კორპუსის მცხოვრებნი. სწორედ მათ მოუძებნეს ოთახი და დღეს თინათინი ცივ და უსინათლო ოთახში ოთხ შვილს ზრდის. ამ ოთხი პატარის შესახებ დრონი.ჯი-მ ადრეც დაწერა, თუმცა ახლა 22 ოჯახს ეხება საქმე და პრობლემა უფრო მასშტაბურია.
ქალბატონი თინათინი დრონი.ჯი-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთი თვის წინ წინასაარჩევნოდ იყვნენ მისულები როგორც სახელისუფლებო პარტიიდან ისე სხვა პარტიებიდანაც და დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ.
შენობის მეოთხე სართულზე სადაც ქალბატონი ცხოვრობს კიდევ 22 ოჯახია შესახლებული, რომელთაგან არცერთს აქვს ელექტროენერგია და გამრიცხველიანება. ეუბნებიან, რომ დაკანონებაა საჭირო და ესაა მიზეზი რატომაც არ უკეთებენ, ამ დაკანონებასაც 4 წელია ელოდება და არც საარჩევნო დაპირებები ჭრის. თინათინ ბენიძის თქმით შენობის პირველი და მეორე სართული დაკანონებულია და შენობის ამ ორ სართულს შუქიც აქვს და გაზიც. მთავრობამ კი იმ ორი სართულისთვის ვერა და ვერ მოიცალა.
„დევნილთა სამინისტროში ვიავით და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია საერთოთ ამ სართულზე 22 ოჯახი ვცხოვრობთ ყველანი ესე ვართ დაუკანონებელი. ისე ეკონომიკის ბალანსზეა ეს შენობა და გვაწვალებენ აქეთ-იქეთ სიარულით, ამასთანავე მრავალშვილიანი ხომ ვარ, ზამთარი მოდის, რა მეშველება აწი, სულ გამეყინება ეს პატარები, თან როგორ ვცხოვრობ ვერანაირ რემონტს ვერ ვაკეთებთ... ვაი რომ გამომაგდონ მერე რაღა ვქნა?
მივმართავ ყველა უწყებას და მთავრობას, იქნებ დამეხმაროთ რომ დამიკანონონ ეს საცხოვრისი და ჩემი ბავშვები არ დამრჩეს ღია ცის ქვეშ. ჩემი ოთხი შვილიც უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ და დაგვეხმაროთ. ჩვენ უბრალოდ სასიცოცხლო ელემენტარულ პირობას ვითხოვ და ხომ შეიძლება ეს 4-წლიანი დანაპირები ახლა მაინც აგვისრულოთ და ვირწმუნოთ იმის, რომ ჩვენც გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენზეც ზრუნავს“.
პ.ს. დრონი.ჯის რედაქცია იმედს გამოთქვამს, რომ ამ ოჯახის პრობლემები შესაბამის ორგანოებამდე მიაღწევს და არჩევნების შემდეგ მაინც დაეხმარებიან იქ შესახლებულ 22 ოჯახს.
კომენტარი