სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შარშანდელთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 2-ჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

შარშანდელთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, წელს ორჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. 2012 წელთან მიმართებაში კი დღევანდელი მოცემულობა გაოთხმაგებულია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიგინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა ისაუბრეს.

"სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა. თუმცა, სტატისტიკა მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი. დღეს უკვე ნათელი გახდა რამ გამოიწვია ამ მონაცემების გასაიდუმლოება - წარუმატებელ მოსწავლეთა რაოდენობა, ამ გამოცდების ისტორიაში, უპრეცენდენტოდ მაღალია.

2016 წლის გაზაფხულის გამოცდებზე 40, 181 მოსწავლე გავიდა, გამოცდების ორი ეტაპის შედეგად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სავალდებულო საგანში 8539 მონაწილემ ვერ დაძლია, ეს რიცხვი შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია, 2012 წელთან მიმართებაში კი გაოთხმაგებულია. 2016 წელს ატესტატის გარეშე დარჩა მოსწავლეთა 21%.

2016 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე მონაწილე მოსწავლეებმა საშუალო საფეხურის სამივე ეტაპი - 10,11,12 კლასები, გაიარეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, საატესტატო გამოცდა ამოწმებს სწორედ ამ კლასებში საგაკვეთილო პროცესში საგნების მიხედვით მიღებულ ცოდნის რაოდენობას. ჩვენ სხვადასხვა დროს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, არაერთხელ მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მასშტაბით საგაკვეთილო პროცესი სრულად მოშლილი იყო და აუცილებლად საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ყოველჯერზე მათი მხრიდან ჩვენი განცხადებები აღქმული იყო, როგორც გადაჭარბებული და რეალურ სიტუაციას აცდენილი შეფასება .

მიგვაჩნია, რომ კატასტროფულად საგანგაშო შედეგი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ქაოსურ, მოუწესრიგებელ სიტუაციას, სკოლებში საშუალო საფეხურზე ჩაშლილ სასწავლო პროცესსა და, ფაქტიურად, უმართავ პროცესებს, რის გამოც საბოლოოდ დაზარალდა 9000-მდე მოსწავლე.

მოვითხოვთ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან, დაწვრილებით აუხსნას საზოგადოებას მიღებული შედეგის გამომწვევი მიზეზები, რამ გამოიწვია, შედეგის მაჩვენებლის ასეთი კატასტროფული ზრდა და რატომაა ეს მაჩვენებელი გაოთხმაგებული, ეტაპობრივად, 2012 წელთან მიმართებაში.

აქვე, 2011 წელს, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სახელდება ამ შედეგების შესადარებლად, ჩაჭრილთა რაოდენობა 17%-ს შეადგენდა, რაც სამინისტროს მიერ სწორად და გააზრებულად დაგეგმილი საქმინობის შედეგად 2012 წელს შემცირდა 5%-მდე. რაც შეეხება შემდგომ წლებს სტატისტიკა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ყოველწლიურად 2012 წლის მაჩვენებელი თანდათან გაუარესდა. 2014 წელს ის გახდა 9%; 2015 წელს - 12%; 2016 წელს - 21 %. 2013 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება უზრუნველყო სკოლამ. ოფიციალური სტატისტიკა უცნობია."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100