სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქროყანაში ახალი ნერგები 400 გამხმარი ხის სანაცვლოდ დაირგო

თბილისსა და მის შემოგარენში გასულ კვირას დაწყებულ გამწვანების საშემოდგომო აქციას კომპანია „Old city development“ გამოეხმაურა. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, ოქროყანაში 900 ძირი ნერგი დარგეს.

გამწვანების აქციის ფარგლებში კომპანია „Old city development “ საშემოდგომო რგვის ფარგლებში 5 000-ს, ჯამში კი 30 000 ძირ ნერგს დარგავს.

ოქროყანაში ახალი ნერგები მოჭრილი 400 გამხმარი ხის სანაცვლოდ დაირგო. მოჭრილი ხეების საშეშე მერქანი, რომელიც ჯამში 150 მ3-ია, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მეშვეობით ოქროყანის, წავკისისა და ტაბახმელის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გამწვანების აქციაში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას და ადამიანს, რომლებიც დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ მათ სხვა ორგანიზაციები და მოქალაქეებიც მიბაძავენ, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენი დედაქალაქის კეთილდღეობაზე და უფრო მეტად ეკოლოგიურად მოწესრიგებული ქალაქი გვქონდეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. გამწვანების საშემოდგომო სეზონი ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანებით გასულ კვირას დიღმის ტყე-პარკიდან დაიწყო, სადაც ასევე 600 ძირი სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.

ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანების ფარგლებში, მცენარეები თანმდევი მომსახურებით დაირგვება, რაც მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას და გახარების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს. ამასთან, კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულებით აღებული აქვთ ვალდებულება, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100