ღარიბაშვილის მიმართვა ხალხს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ჩემო თანამემამულეებო!
დღეს ორი წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, უსამართლობას და არჩევანი დემოკრატიული ძალების, ეროვნული ძალების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.
1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, ხალხმა აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, წინსვლა, განვითარება და კეთილდღეობა.
1-ელი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლით მოიპოვა. დამერწმუნეთ, რომ ბრძოლის გზა იოლი არ იყო. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს ხალხს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ თანადგომისა და უდიდესი ნდობისათვის, რომელიც მათ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას - კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.
მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის შემართების, მათი თავგანწირვისა და გმირობის მიმართ. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, და, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი პოლიტიკური ერთობის - კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანად მიყვანა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამარცხება ღირსეულად - ისე, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება.
სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლება და დემოკრატია ასე ძნელად მოვიპოვეთ, ამ მონაპოვარს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.
ჩვენ ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი, თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით. ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა. და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო.
ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას, - დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის წახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანობის დამკვიდრებით. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და ვქმნით განვითარების პირობებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს, გზა გავუხსნათ ჩვენი ხალხის ნიჭიერებას.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. სწორედ მედიის დამოუკიდებლობითა და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია. ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა.
ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რაც მე არაერთხელ მითქვამს, მშვიდობიანად, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი.
ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა, და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია.
ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა არის ყველასთვის საერთო მიზანი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. ეს უნდა იყოს მიზანი ყველა მოქალაქისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, ბიზნესისა თუ მედიასაშუალებისათვის. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ წინსვლა და ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ერი, ერთხელ და სამუდამოდ, დავაყენოთ სწორ გზაზე.
ჩვენ, ხელისუფლებაც და ხალხიც, ახლა გავდივართ რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, ღირსეულად გავივლით ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპს.
შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, და ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს.
წინ ძალიან ბევრი მუშაობა გველის. ჩვენი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ შრომა. უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა, რათა ჩვენი ხალხისთვის შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის. ჩვენ ვახორციელებთ და უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რასაც წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას. ჩვენ ვაშენებთ ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელთა შერყევას ვერავინ შეძლებს მრავალი წლის განმავლობაში; ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელში ცხოვრებაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება საამაყო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 1-ელ ოქტომბერს. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვება, მათ შორის მათიც, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება.
კომენტარი