სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: "ქართული ოცნების" მმართველობა ისტორიაში ჩამქრალი ოცნებების ეპოქის სახელით შევა

ივანიშვილს საქართველოს საყიდლად საკმარისი ფული არ გააჩნია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი ისტორიაში ჩამქრალი ოცნებების ეპოქის სახელით შევა. "კარგია რომ მე ვარ დაპატიმრებული, რათა არ მოხდეს ჩვენს თანამებრძოლებზე ზეწოლა. მე მინდა მათ სიმტკიცისკენ მოვუწოდო. შეუძლებელია, ქვეყანაში ასეთი უსამართლობის დიდხანს გაგრძელება. ხელისუფლება ხვდება, რომ მისი დაპირებების შესრულება შეუძლებელია და რაც უფრო დარწმუნდება ამაში, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა ოპოზიციაზე", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ეგონა, რომ ქვეყანამ წინ იმდენად წაიწია, შავბნელი დრო ვეღარ დაბრუნდებოდა, თუმცა მოხდა პირიქით. "ჩვენ დღეს გვიპირისპირდებიან არა მხოლოდ რუსული ტანკები, კრიმინალები, ქურდები და კორუმპირებული ადამიანები, არამედ რუსი ოლიგარქი. ივანიშვილს არ გააჩნია საკმარისი ფული, იყიდოს საქართველო. მას შეუძლია იმედი მისცეს ცალკეულ ადამიანებს, რომ მათი ოცნება ახდება, თუმცა ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერ-მინისტრი, ვინც დაკავებულია. ეს არის კანონზომიერი. ადვოკატებთან ერთად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, მაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ პროკურორი დღესაც, ისევე როგორც ქუთაისში, გრძლად და გაუგებრად საუბრობდა. "ქუთაისის სასამართლოში აგრესიაც კი გამიჩნდა მის მიმართ, თუმცა გავიგე, რომ ორსულად არის. ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში მონაწილეობს", - განაცხადა მერაბიშვილმა პროკურორ ნათია სონღულაშვილზე. მანვე აბსურდი უწოდა ბრალდების მხარის ინფორმაციას, რომ ფლობს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემულ პასპორტს. მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ეს "შსს-ს მიერ შეთითხნილი სისულელეა".

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/241642-vano-merabishvili-qqarthuli-ocnebisq-mmarthvelobis-periodi-istoriashi-chamqrali-ocnebebis-epoqis-sakhelith-sheva.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100