სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. დოკუმენტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. "ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება 123 ხმით განხორციელდა. რატიფიცირების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.
საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე მსჯელობა პარლამენტში დილიდან მიმდინარეობდა. ხელშეკრულების არსი და ძირითადი ასპექტები დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააცნო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
მინისტრების შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატებმა – საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მეორე ნაწილი მიწვეული სტუმრების გამოსვლებით დაიწყო. თავდაპირველად ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით ქართულ საზოგადოებას ევროპასთან დაახლოება ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.
დღეს მოულოდნელი იყო პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილა, თუმცა ის ქუთაისში საკუთარი გადაწყვეტილებით ჩავიდა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სესია მის მიერ არის მოწვეული და მისვლა შეეძლო. კენჭისყრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის სპიკერატიდან მიმართა პრეზიდენტმა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიულოცა.პარლამენტის სხდომას ესწრებოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100