სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ადამიანში ვაფასებ მიზანდასახულობას - როცა იციან, სად უნდა იყვნენ ხვალ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის დღეს"- დრონი.ჯი-ს ინტერვიუ დავით ჩქოტუასთან

„ახალგაზრდა, სიმპათიური და წარმატებული“, - ასე აფასებენ სტუდენტები ლექტორ, დავით ჩქოტუას. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში. ამბობენ, რომ მის სალექციო საათზე აუდიტორია მუდამ სავსეა. დავითი გარდა ლექტორობისა, სხვა საქმეებითაც არის დაკავებული.

დრონი.ჯი დაუკავშირდა ახალგაზრდა, სიმპათიურ ლექტორს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. დავითი ჩვენთან კარიერასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ დავით ჩქოტუა, მოგვიყევი შენს შესახებ.

- მოდით დავიწყოთ დაბადების ადგილით. დავიბადე აფხაზეთში, ქ. გალში. ომის პერიოდში იძულებით მომიწია მშობლიური მხარის დატოვება და გადმოვედი საცხოვრებლად თბილისში. მიუხედავად მცირე ასაკისა, მახსოვს პატარ-პატარა დეტალები, რასაც გადმოცემით მოთხრობილი ისტორიები ემატება და ეს ყველაფერი ერთიანობაში მაყვარებს ამ მხარეს - სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი. ვიმედოვნებ, რომ ისევ მომეცემა შესაძლებლობა ჩემს მშობლიურ კუთხეში თავისუფლად შევძლო გადაადგილება და ვეწვიო სოხუმს, გაგრას, ბიჭვინთას... ამის შემდეგ, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და სამსახური - სტანდარტული პროცედურების დაცვით. დავასრულე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა, მაგისტრატურაზე შევიცვალე პროფესია და ჩავაბარე ჯიპას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო კურსზე. ამ პერიოდში შევიცვალე რამდენიმე სამსახური, ვსაქმიანობდი სხვადასხვა სფეროში და საბოლოოდ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე შევაჩერე არჩევანი. დღესდღეობით, ვმუშაობ საჯარო სექტორში და პარალელურად ვკითხულობ ლექციებს.

- როგორ ფიქრობ, გარდა შენი პროფესიონალიზმისა, რა განსაზღვრავს სტუდენტებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას?

- ვერ გეტყვით, ალბათ, ამას განაპირობებს ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. ვცდილობ, ყოველთვის მეგობრული კუთხით მივუდგე სტუდენტებთან ურთიერთობას, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დავეხმარო მათ. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ ხელი შევუწყო ახალგაზრდა მოტივირებულ ადამიანებს კარიერის აწყობაში. მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი, მიყვარდა კითხვების დასმა და ვცდილობდი მესწავლა გამოცდილი ადამიანებისგან, უნივერსიტეტის გარეთ მიმეღო განათლება. ამ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებსაც არ დაეზარათ კითხვებზე პასუხის გაცემა, რჩევების მოცემა და გამოცდილების გაზიარება, რამაც, მეტი სტიმული მომცა და დამეხმარა მიზნების სწორად დასახვაში. სწორედ ამიტომ, ვცდილობ სტუდენტებს მივაწოდო პრაქტიკული რჩევები, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ და ლექციებსაც სწორედ ამ კუთხით ვუდგები. ამასთან ერთად, ვფიქრობ, ღონისძიებათა მენეჯმენტი საინტერესო სფეროა მათთვის, რეალური ქეისების განხილვა და მათზე მუშაობა კი დინამიური პროცესია და ლექციებიც მუდმივად ინტერაქციული ხასიათისაა.

- „ახალგაზრდა, მიმზიდველი, წარმატებული“- სწორედ ასეთ დახასიათებას გიკეთებენ სტუდენტები. რთულია ამ შეფასების დამსახურება?

- პირველ რიგში, მოხარული ვარ თუ ასეთ შეფასებას ვიმსახურებ სტუდენტებისგან და უღრმესი მადლობა მათ, თუმცა, მხოლოდ პირველში დაგეთანხმებით - ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო 25 წლის ასაკში სტუდენტებთან შესვლა და ლექციების წაკითხვა. სიმართლე გითხრათ, პირველი დღისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. ერთია საჯარო გამოსვლა და მეორეა სტუდენტებთან კომუნიკაცია. ყოველი მომდევნო თაობა თითქოს უფრო გამბედავი და მოტივირებულია. ხშირად, ლექციები საინტერესო დისკუსიაშიც გადადის და ასეთ დროს, მზად უნდა იყო უპასუხო ყველაზე მოულოდნელ შეკითხვებს შენი სფეროდან. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული ვარ - ზოგადად, წარმატების დეფინიცია სადავოა. თუმცა, ლექციების კითხვა და სტუდენტებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს კარიერულგანვითარებაში. ამისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს სტუდენტებს, რომლებისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.

- გარდა ლექტორობისა, რას საქმიანობ და გაქვს თუ არა რაიმე ნიჭი, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლო მეგობრება იციან?

- ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი(სრული თუ არა), უკავია ჩემს მეორე სამსახურს. ლექციების კითხვის პარალელურად, ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში. ვფიქრობ, საუკეთესო პერიოდია ჩემს კარიერაში - დიდი პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევები, პროფესიონალებით სავსე სამუშაო გარემო და შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრებისთვის ცოტა დრო მრჩება, ეს არის გარემო სადაც მუდმივად ვვითარდები, როგორც პროფესიონალი, მაქვს თვითრეალიზების საშუალება და ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს ამად. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - კი, მაქვს ნიჭი, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან და მოდით, ასე დავტოვოთ (იცინის).

- შენი აზრით ახალი თაობა ძველზე პროგრესულია?

- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი. ჩვენი მშობლების თაობა ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ყველაზე დიდი და დასაფასებელი, რაც მათ გააკეთეს, შეგვიქმნეს პლატფორმა, სადაც შეგვეძლო მიგვეღო განათლება. მოგეხსენებათ, ამ თაობას უწევდა ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და პარალელურად, შვილების აღზრდა. დღესდღეობით, ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი საშუალება, იმისთვის, რომ მიიღონ საჭირო ცოდნა და ეს ყველაფერი რეკორდულად მცირე დროში. ვფიქრობ, ამ არათანაბარი გარემოებების ფონზე, მომავალ თაობებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობები და ამ ყველაფერს სწორი მიდგომა სჭირდება.

- როგორი უნდა იყოს შენთვის იდეალური სტუდენტი?

- იდეალური სტუდენტი? ვფიქრობ, სტუდენტი უნდა იყოს ცოდნის მიღებისკენ ორიენტირებული, მუდმივად გააჩნდეს კითხვები და კრიტიკული აზროვნების უნარი, ფიქრობდეს სამომავლო გეგმებზე და ცდილობდეს მიიღოს მაქსიმალური თითოეული ლექციის თუ ლექტორისგან. არსებობს ორი კატეგორია: სტუდენტები, რომლებიც ლექციის მერე მოდიან საინტერესო კითხვებით და პრაქტიკული რჩევებისთვის და სტუდენტები, რომლებიც ლექციის მერე მოდიან ქულებზე სასაუბროდ. ამ შემთხვევაში, პირველი კატეგორიის სტუდენტები იმსახურებენ ლექტორებისგან სიმპათიას, უპირობოდ.

- გეპრანჭებიან თუ არა სტუდენტი გოგონები და გქონია თუ არა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს პაემანზე დაეპატიჟებინე?

- პაემანზე არა, მაგრამ სტუდენტების ჯგუფთან ერთად არაფორმალურ გარემოში ვყოფილვარ, ხშირად მათი ინიციატივით. მახსოვს, ერთ-ერთ სემესტრში, ლექციებზე ხშირად განვიხილავდით კონკრეტული კომპანიის საქმიანობას. ბოლოს იქამდე მივედით, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთ ღონისძიებას დავესწარით და ადგილზე ,,შევაფასეთ“ გარემო (იცინის).

- შენი აზრით, სტუდენტთან პაემანი რატომ ტეხავს?

- სამსახური და პირადი ცხოვრება ორი სხვადასხვა რამეა და ერთმანეთში არ უნდა აურიო. ვფიქრობ, მსგავსი საქციელი არაპროფესიონალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლექციების იქით კომუნიკაცია არ უნდა გქონდეს სტუდენტებთან. მინდა გითხრათ, რომ ბევრ ჩემს ყოფილ სტუდენტებთან დღეს ვმეგობრობ და ზოგიერთ მათგანთან კი საქმიანი ურთიერთობაც მაკავშირებს.

- სტუდენტებისგან ინტიმური სახის მესიჯები მოგსვლია?

- არა, საბედნიეროდ.

- ხარ თუ არა შეყვარებული, ან გყვარებია თუ არა და რამდენჯერ?

- ამ ეტაპზე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

- როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც დაიმსახურებს დავით ჩქოტუას ყურადღებას?

- პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ყველაფერს უნდა ახლავდეს თავმდაბლობა. ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ბავშვები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლამაზი ბავშვები. მე არ უნდა დამემსგავსონ ჩემი შვილები (იცინის). ზოგადად, ადამიანებში ვაფასებ მიზანდასახულობას - როცა იციან სად უნდა იყვნენ ხვალ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის დღეს. ამასთან, მიყვარს ხელოვნება და ხელოვნებასთან კავშირში მყოფი ადამიანები. არ მესმის ადამიანების, რომლებსაც არ უყვართ მუსიკა, თეატრი, კინო.

- ძალიან ბევრს წერენ სხვადასხვა მედია საშუალებები შენზე. როგორია იყო წარმატებული, პოპულარული და სიმპათიური ლექტორი?

- ზოგადად, ლექციების კითხვა, როგორც უკვე გითხარით, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის წარმატებაა ჩემი სტუდენტის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტი ან კარიერული წინსვლა, რომელშიც ჩემი წვლილიც არსებობს. ალბათ, ლექტორისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შენი ყოფილი სტუდენტი სრულიად შემთხვევით გხვდება ქუჩაში და მადლობას გიხდის მასთან ჩატარებული ლექციებისთვის. პოპულარობას რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში, ეს დისკომფორტს უფრო ქმნის, ვიდრე სარგებელი მოაქვს. თუმცა, კარგი გრძნობაა, როცა სტუდენტებისგან მხარდაჭერას და პატივისცემას გრძნობ. მთავარია, ამის მიზეზი იყოს პროფესიული საქმიანობა და არა სხვა გარემოებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100