სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ გუნავა თავისუფალია, მის უკანონოდ დამკავებლებზე კი პროკურატურაში საჩივარი შევა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უარი უთხრა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდებინა შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსისთვის. თენგიზ გუნავას გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა და ის თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატის მოთხოვნა, დაკავებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარის გადახდა შეფარდებოდა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა და გირაოს თანხად 10 ათასი ლარი განსაზღვრა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ როგორც თენგიზ გუნავას ახლობლები, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც მზად იყვნენ, თენგიზ გუნავას თავდებში დადგომოდნენ.

პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ერთი ფრაგმენტი სხდომიდანვე გამოაქვეყნა:

პროკურორი: ჩხრეკა ჩატარდა 4 მოწმის თანდასწრებით და ამოღებული იქნა იარაღი და ნარკოტიკი.
მოსამართლე: ვინ იყვნენ მოწმეები?
პროკურორი: პოლიციელები.
მოსამართლე: ოთხივე?
პროკურორი: დიახ!

შეგახსენებთ, რომ უკანონოდ დაკავების გამო თენგიზ გუნავამ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, ხოლო ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც გუნავას მშობლიური სოფელია, საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს. თენგიზ გუნავას მოწინააღმდეგენიც კი აღიარებდნენ, რომ მას აბსურდული ბრალდებები ჰქონდა წაყენებული: გუნავს "ჰეკლერ კოხისა: და "პსმ" სისტემის პისტოლეტების ტარების ნებართვა ოფიციალურად გაჩნია, მას კი დაკავებისას 1951 წელს გამოშვებული "მაკაროვი" "აღმოუჩინეს", ჩხრეკის დროს კი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინიც" "უპოვეს". კიდევ ერთი პარადოქსი იყო ის, რომ ჩხრეკის დროს გუნავას ჰეროინი "უპოვეს", სისხლში კი, შემოწმების შემდეგ "მორფინი" აღმოუჩინეს...

თენგიზ გუნავას მხარდამჭერი განცხადებები მისი დაკავების დღიდანვე ვრცელდებოდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ პირველი ცნობაც სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელდა და მომხმარებელთა უდიდესი ნაწილის მოწონებაც დაიმსახურა.

თენგიზ გუნავას ადვოკატის განცხადებით, უკვე ორშაბათს მთავარ პროკურატურაში შევა საჩივარი ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდნენ თენგიზ გუნავას უკანონო დაკავებაში. საქმის მასალების მიხედვით, თენგიზ გუნავას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ:

დეტექტივ-გამომძიებელი მირიან თოფურია
დეტექტივ-გამომძიებელი თედო შონია
ბესიკ შარაშენიძე
ნიკა არგანაშვილი
ნიკოლოზ შატაკიშვილი
გიორგი ბლიაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100