სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურ დახმარებაზე უარი და ხელისუფლების მხრიდან, ხალხის ხარჯზე მოწყობილი ცხოვრება

ნათესავები, ცოლები, დეიდაშვილ-ბიძაშვილები მაღალ პოსტებზე დანიშვნის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი კომფორტის შექმნითაც დაკავდნენ.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, თელავის ახლადდანიშნულმა გამგებელმა გივი მეტრეველმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 700 ლარიის ღირებულების „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა შეიძინა.

2011 წელს გამოშვებული მანქანის შესაძენად გამგებელმა ხელშეკრულება შპს „ტოიოტა კავკასიასთან“ 9 აგვისტოს გააფორმა.

გამოცემის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ამ დრომდე ML–ის მარკის მანქანა ემსახურებოდა, რომელიც გამგებელმა გივი მეტრეველმა თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურს გადასცა. გამგებელმა ეს იმით ახსნა, რომ სახანძრო სამსახურს გამართულ მდგომარეობაში არსებული მანქანა არ ჰქონდა. გამგეობის მიერ გადაცემული მანქანით სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილე ბექა ჟურული სარგებლობს, რომელიც გამგებლის გივი მეტრეველის ნათესავია.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად გამგეობაში მისული 50–ზე მეტი მოქალაქე უარით გაისტუმრა იმ მიზეზით, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ ჰქონდათ.

„პრესა.ჯი“- აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად გივი მეტრეველს დაუკავშირდა თუმცა მან მოუცლელობის გამო ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

გამგებლის მდივანმა ქეთი გელიაშვილმა კი განმარტა, რომ გამგებელის მოუცლელობის მიზეზი რაიონში ჩასული სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაა.

რაც შეეხება, 27 700 ლარიანი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის შეძენის ფაქტს, გილაშვილისთვის აღნიშნული ტრანსპოსტის შეძენის დეტალები უცნობი აღმოჩნდა.

ადგილობრივები, რომლებიც გამგებელმა ფინანსების არარსებობის გამო სახლში ხელცარიელი გაისტუმრა, ძვირადღირებული ავტომობილის „დალეწვით“ იმუქრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100