სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის ხუდონი კარგი იდეა...

ისტორია, სახელად ხუდონჰესი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია გრძელდება, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო..ხუდონჰესის მშენებლობა 1988 წელს შეჩერდა, (მაგრამ არ დაკონსერვებულა) მაშინ, როცა მთლიანად დასრულებული იყო მიწისქვეშა სამანქანო ნაწილის მშენებლობა და კაშხლის აგების პროცესის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ასეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. მშენებლობის შეჩერება ეროვნული მოძრაობის აღზევებას უკავშირდება, თუმცა, როგორც ამ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანები აცხადებენ, ამის მიზეზი მაშინ ხუდონჰესის წინააღმდეგ გაჩაღებული ეროვნული მოძრაობა სულაც არ იყო... დაშლის პირას მყოფ რუსეთს თავისი სუბიექტური მიზეზები ჰქონდა...როგორც ახლა, მაშინაც კარგად იცოდა და ესმოდა რუსეთს, რომ ენერგეტიკული ბერკეტი სხვა ქვეყნებთან მანიპულირების ყველაზე უკეთესი საშუალება იქნებოდა...ამიტომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უამრავი ხუდონის ტიპის ობიექტის მშენებლობა გაჩერდა, სადღეისოდ უმრავლესი მათგანი აშენებულია....ხუდონი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გედენიძე: "რუსეთმა მაგ პერიოდში იგრძნო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ეს საშიშროება რომ არ ყოფილიყო, გამორიცხულია, რუსეთს ხუდონჰესის მშენებლობა გაეჩერებინა. ტურბინა-გენერატორები უკვე გამზადებული იყო და როსტოვში შემოდიოდა დასამონტაჟებლად. როცა რუსეთი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლას აპირებდა, 11 უდიდესი მშენებლობა გააჩერა სხვა რესპუბლიკებშიც და მათ შორის მოხვდა ხუდონიც."

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ხუდონჰესზე ფიქრი ამ პროექტის ისეთმა მოწინააღმდეგემაც კი დაიწყო, როგორიც ზურაბ ჟვანია გახლდათ. ამის შესახებ ის 2002 ელ გაზეთ "ვერსიისთვის". მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:

ზურაბ ჟვანია: "როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, აშშ-ში და ევროპაში, ბიზნესმენების ჯგუფებთან შეხვედრებისას, ხშირად შემითავაზებია, რომ სერიოზულად ეფიქრათ ინვესტირებაზე საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის განახლებაში, ოღონდ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. არის რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იქ არსებული ქვაბული. ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და ასე მიგდების წინააღმდეგნი ვიყავით მწვანეთა პარტიაში ყოფნის დროსაც. ჩვენ კონსერვაციის მომხრენი ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე მიგდების. მოკლედ, დაუშვებელია ხელაღებით იმის თქმა, რომ იქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. იქ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას იძლევა ძალიან სერიოზული ობიექტი შეემატოს ქართულ ენერგოსისტემას."

საქართველოში მოღვაწე ყველაზე ცნობილი ენერგეტიკოსები და ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, რასაც პროექტიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი დაემატება.

მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციების კვლევები ხუდონზე...

ოფიციალური მონაცემებით, ხუდონჰესის პროექტზე სხვადასხვა სახის კვლევები ჩატარებული აქვს მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებს:

ხუდონის კვლევები 2005 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაატარა:

1. ფრანგულ-იტალიური კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა BRL/ARS–მა ჩაატარა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)

2. შვეიცარულმა ერთობლივმა საწარმომ Stucky-Colenco- - რომელიც მსოფლიოში აღიარებულია დიდი კაშხლების დაპროექტების საქმეში, განახორციელა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

3. სერბულმა კომპანია SEEC- წარმოადგინა სტრატეგიული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროგრამების განვითარების შეფასებას, რომელთაგანაც უნდა გამოკვეთილიყო პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტები.

მსოფლიო ბანკის მიერ ხუდონის პროექტის საბოლოო ექსპერტიზა ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები: ხუან ვალდესი - ჰიდროლოგიის ექსპერტი (აშშ), უილიამ მოულერი - საინჟინრო გეოლოგიის ექსპერტი (ავსტრალია) და დოქ. ჰარალდ კროიცერი - ექსპერტი კაშხლების სფეროში (შვეიცარია). მათი დასკვნის მიხედვით პროექტი შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

2009 წლის ივნისში შემაჯამებელი კვლევების შედეგების მიხედვით ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის სიაში იქნა შეტანილი, რამაც განაპირობა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შეტანა მსოფლიო 100 უდიდეს პერსპექტიულ ინფრასტრუქტურულ პროექტთა სიაში.

ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკას" დაკვეთით ხუდონჰესის პროექტზე კვლევები ჩატარებული აქვს შემდეგ კომპანიებს:

1. STUCKY _ შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია კაშხლების, ენერგეტიკული ნაგებობების გეოლოგის შესწავლით და მსოფლიოში გააჩნია საუკეთესო რეპუტაცია ამ სფეროში. ხუდონის ახალი ორიგინალური ტექნიკური პროექტი კომპანია შტუკის მიერ არის შემუშავებული. ასევე შტუკემ ჩაატარა გეოლოგიური კვლევები 2010-2013 წლებში

2. "rePLAN" _ მსოფლიოში ცნობილი კანადური კომპანია. ლიდერია სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და მასთან დაკავშირებული მართვის გეგმების შემუშავებაში, ასევე განსახლებებისა და კონპენსაციების გეგმების მართვაში. ხუდონჰესის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზას შეიმუშავებს კომპანია ”rePLAN”- ი. ახლაც მუშაობს ამაზე.

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ 2013 წელს შესრულდა ხუდონჰესის მშენებლობის ტერიტორიის სეისმური საშიშროების დეტალური კვლევა.

4. "ჰიდროდიაგნოსტიკა" _ ჩაატარა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის დალამვის პროგნოზული შეფასების კვლევითი სამუშაო.

5. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ არქეოლოგიური ასოციაციის მიერ ჩატარდა- არქიტექტურული ძეგლების ინვენტარიზაციაა არქეოლოგიური კვლევები

6. გერმანული კომპანია ERM და CENN _ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის შესრულებაში 100 ზე მეტი საერთაშორისო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის სხვადასხვა დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

ცნობილი სპერტები ხუდონჰესის პროექტზე...

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელების ხელშეშლა, პირველ რიგში, რუსეთის მიზნებში შედის, რასაც მოწმობს მათი ახალი ენერგოდოქტრინა.

ირაკლი ლექვინაძე: "რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა ნამდვილად საყურადღებოა. მასში ნათქვამია, რომ განვითარებულ ბაზრებზე ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იკლებს და რუსეთმა მთელი ფოკუსი უნდა გააკეთოს რეგიონში განვითარებად ქვეყნებზე. გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და გავლენის სფეროდ, ამიტომ მათი ინტერესი საქართველოს არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, დიდია, შესაბამისად, მის ინტერესებშია არ მოხდეს საქართველოში ჰიდროპოტენციალის ათვისება."უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა ერთ მიმწოდებელზე მაღალი ენერგოდამოკიდებლობის გამო."

რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ სარგებელს, კომპანია "ტრანსელექტრიკას" ტექნიკური ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით მირცხულავა ასეთ განმარტებას აკეთებს:

დავით მირცხულავა: "საშემოსავლო გადასახადი მშენებლობის 72 თვის (6 წლის) განმავლობაში იქნება 27 მილიონი დოლარი. ხოლო ექსპლუატაციის პირველი 20 წლის განმავლობაში - 9,6 მილიონი დოლარი. ქონების გადასახადი პირველი ოცი წლის განმავლობაში იქნება 137 მილიონი დოლარი. მოგების გადასახადი პირველი ოცი წლის განმავლობაში იქნება 410 მილიონი დოლარი.

ენგურჰესის და ვარდნილ ჰესების მიერ ხუდონჰესის შექმნის ხარჯზე დამატებითი გამომუშავება წელიწადში დაახლოებით 475 მილიონი კვტსთ იქნება საშუალოდ და ამ ენერგიის საბაზრო ღირებულება პირველი ოცი წლის განმავლობაში ჯამურად იქნება 1350 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება კომპენსაციის თემას, თანხის დასახელების უფლება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ნამდვილად ღირსეული კომპენსაცია. მე მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ინვესტორი განსახლების პროცესს არ განიხილავს მოკლევადიან პროცესად, პირიქით მიმაჩნია, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და მან უნდა უზრუნველყოს ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ასევე ამ ადამიანების მომავალი თაობებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა გრძელვადიან ჭრილში."

სეისმური საშიშროებისა და მრავლობითი ბუნებრივი კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი აცხადებს, რომ სეისმოლოგიური თვალსაზრისით პროექტს არანაირი პრობლემა არ აქვს:

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხუდონის წყალსაცავის დაპროექტების გეოგრაფიული მდებარეობა ოპტიმალურად იყო შერჩეული ღრმა ხეობაში, რის გამოც ტერიტორიის ნაკლები ფართობები იფარება წყლით და მიკროკლიმატურ ცვლილებებს ექნება მხოლოდ ადგილობრივი ზემოქმედება. რაც შეეხება ეკოლოგიურ კატასტროფას, ჩვენ უკვე გვაქვს ენგურის წყალსაცავი, რომელიც ხუდონჰესის საპროექტო წყალსაცავზე ორნახევარჯერ უფრო დიდია და მას უკანასკნელი 20 წლის უმძიმეს პირობებშიც კი არანაირი სახის კატასტროფა არ მოუტანია.

დეტალურად შევისწავლეთ სეისმური საშიშროება. იმ შემთხვევაში, თუ ჰესის პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ჩვენი რეკომენდაციები და შესაბამისი სამშენებლო ნორმები დაცული იქნება, მიწისძვრებიდან მომდინარე საფრთხე თავიდან იქნება აცილებული."

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ არველაძე პროექტის ოპონენტების მოსაზრებას პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტენიანობის მომატების თაობაზე მათი არაკვალიფიციურობით ხსნის:

"ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა შესაბამისი კვლევები, რის შედეგადაც წყალსაცავის ნაპირებიდან ნახევარი კილომეტრის მანძილზე შეიძლება ტენიანობამ მოიმატოს მხოლოდ 1-2%-ით. იმ დროს, როცა ფართობითი ტენიანობა საშუალოდ არის 70%, გახდება 71-72%, რაც პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ ახდენს კლიმატზე. ასევე დადგენილია, რომ ხუდონჰესი ზამთარში დაახლოებით 1 გრადუსით ცვლის ტემპერატურას დათბობისკენ, ზაფხულში კი ასევე 1 გრადუსით გაგრილებისკენ, ანუ კლიმატი მუშაობს შერბილებისკენ და არა გაუარესებისკენ. როდესაც ასეთ საკითხზე საუბრობენ არასპეციალისტები, ეს გასაგებია და ნორმალურია."

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ემილ წერეთელი:

"ხუდონის წყალსაცავის დაპროექტების გეოგრაფიული მდებარეობა კარგად არის შერჩეული ღრმა ხეობაში, რის გამოც ტერიტორიის ნაკლები ფართობი იფარება წყლით და მიკროკლიმატურ ცვლილებებს ექნება მხოლოდ ადგილობრივი ზემოქმედება. ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება. გასულ საუკუნეში, როდესაც ხუდონის მშენებლობის პროექტზე მიდიოდა მუშაობა, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან ამ საქმის სპეციალისტები მოიწვიეს. როდესაც ისინი პროექტს გაეცნენ, გაოცებულებმა იკითხეს – ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები აქვე გყოლით თქვენ და ჩვენ რაღასთვის მოგვიწვიეთო? მათ ასევე დადეს დასკვნა, რომ ხუდონჰესის მშენებლობისათვის სწორედაც რომ საუკეთესო და ხელსაყრელი ადგილი იყო შერჩეული. აქედან გამომდინარე, წყალსაცავისათვის ადგილის შეცვლა ზარალის მეტს სახელმწიფოს არაფერს მოუტანს."

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ : "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დეკლარირებული მიზნების მისაღწევად უდავოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მეგაპროექტები, ისეთი როგორიცაა ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ასეთი პროექტები უდიდეს გავლენას ახდენენ ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტსა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საგარეო გარანტიებზე. ხუდონჰესის მშენებლობით რეგიონი შეიძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას."

მეცნიერებათა დოქტორი გაბრიელ ჯინჯიხაშვილი (1992 წლიდან მუშაობს ისრაელ ელექტრიკ კორპორაციის (IEC) საინჟინრო დივიზიონში, თერმული თბოსადგურებისა და ჰიდრონაგებობების პროექტირების დეპარტამენტში კვლევებისა და განვითარების პროექტების ხელმძღვანელი. 2001 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 10 საერთაშორისო კონფერენციაში. 2009 წელს მიანიჭეს პრიზი საუკეთესო ნაშრომი ევროპაში _ ენერგოგენერაციაში) აცხადებს, რომ გარემოსდამცველთა ერთი ჯგუფი რეალური პრობლემებით დაინტერესების ნაცვლად, ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს აპროტესტებენ.

გაბრიელ ჯინჯიხაშვილი: "ნორვეგიაში ელექტროენერგიის 90% არის ჰიდრო. რა თქმა უნდა, კაშხლების მშენებლობა აზიანებს ნორვეგიის ეკოლოგიას, მაგრამ პოულობენ ისეთ საინჟინრო სქემებს, რომ დაზიანება და ჩარევა მინიმალური იყოს. რა გახდა ეს მუდმივი და დაუსრულებელი აჟიოტაჟი ამ ხუდონზე. რაც თავი მახსოვს სულ ასეა. მშვენიერი სქემა არსებობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან. რომ ვუსმენ ამ ყველაფერს, გაოცებული ვარ. ენერგიის რომელი სახეა სასარგებლო ბუნებისათვის? ჩვენ ყველანი რომ დავიხოცოთ ერთიანად, ბუნება ამით მხოლოდ იხეირებს, მაგრამ ხომ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას? საერთოდ მიკვირს ამ მწვანეთა ორგანიზაციების აქტივობა ხუდონზე, იმ დროს, როდესაც თბოსადგურებზე ხმას არ იღებენ. ბუნებაში ისეთი სუფთა ენერგია, როგორიც ჰიდროა არ არსებობს. მიკვირს ოპონენტების პოზიცია, ალბათ რაღაც ინტერესებია ან სიღრმისეულად არ ესმით მისი მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკოსებმა ძალიან კარგად იციან თავისი საქმე და ააშენებენ ამ ჰესს მინიმალური ზიანის მიყენებით გარემოზე...."

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პოზიციას, მთავრობა ერთ აზრზეა და თვლიან, რომ ხუდონი კარგი იდეაა...

ყველა ქვეყანაში კაშხლების მშენებლობა და წყალსაცავების შექმნის საკითხი განიხილება ქვეყნისათვის საკუთარი ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენების მიზნით და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად. სწორედ ასეთი მიდგომები იყო იმ ქვეყნებში, რომლებმაც შეძლეს, რომ აეთვისებინათ თავიანთი ჰიდრორესურსების 90%-ზე მეტი. ასეთი ქვეყნების რიგშია: შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ნორვეგია, იტალია, იაპონია და უმეტესი განვითარებული ქვეყნები. საქართველო კი სადღეისოდ, სამწუხაროდ, ისეთი ქვეყნების რიგებშია ამ პარამეტრით, როგორიცაა ტაჯიკეთი, რომელიც ასევე უმდიდრესია ჰიდრორესურსებით, თუმცა მისი ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და ჰიდროსადგურებიც ნაკლებად გააჩნია, სულ 10 სადგური აქვს. სასურველია, რომ საქართველო შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის და ამდაგვარი ქვეყნების გვერდზე ვიხილო თავისი ჰიდრორესურსების ათვისებისა და ეკონომიკური განვითარების დონით და არა ტაჯიკეთის გვერდით, მითუმეტეს რომ ჩვენი გზა სწორედ ევროკავშირისკენ მიდის....

და კიდევ, ყველაზე საგულისხმო 21 საუკუნე ენერგეტიკული ომების საუკუნეა... უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია, ასევე ყურადსაღებია რუსეთის ენერგოდოქტრინა, რომელიც სხვა ქვეყნების მასზე ენერგოდამოკიდებულებას პრიორიტეტად განიხილავს. და ამ დროს საქართველოს აქვს შანსი, რომ სწორედ ხუდონჰესის მშენებლობით მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი ჰიდროენერგეტიკულად უმდიდრესი მდინარის ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის კონტროლი სრულად დაიბრუნოს, იმის გათალისწინებით, რომ ენგურჰესის ძირითადი სადგური და ვარდნილჰესების კასკადი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ენერგეტიკულად მინიმალური მანიპულირების საშუალებაც კი მოუსპოს რუსეთს. ასევე ხუდონის ჰიდროელექტროსადგური იქნება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტი.

ამიტომ ხუდონი არა მარტო კარგი იდეა, არამედ საქართველოს მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იდეაა.....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100