ოფიციალური შეხვედრები, საპროტესტო აქციები და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 27 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის, სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს მცხეთა- მთიანეთი დაემატა. აღნიშნული ინფორმაცია მედიას დღეს რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრემბა მიაწოდეს.
ნაცმოძრაობის და ოცნების კანდიდატები - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედური არჩევნებისთვის წარსადგენი კანდიდატები დაასახელა. თბილისში, ნაძალადევის რაიონში-ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია, სამტრედიაში-სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე, ხოლო ბაღდათის რაიონში - ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა) წიქორიძე. დღესვე შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში - პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი. პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.
ყაჩაღობა აფრიკის დასახლებაში - თავდამსხმელებმა
გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა.
ნიღბიანი პირები
სამორიგეო ოთახში იარაღით შეიჭრნენ. თანამშრომლები სასტიკად ცემს შემდეგ კი
გაზგასამართი სადგურის სეიფიდან 4 ათას 403 ლარი გაიტანეს და გაიქცნენ.
დაზარალებული თანამშრომლები საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. მომხდარზე
მიმდინარეობს გამოძიება.
სოფელ კირბალში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 18 წლის უშანგი დოთიაშვილი დააკავეს. ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ფიჩხს აგროვებდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს. დოთიაშვილი ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ოჯახმა ამის შესახებ დღეს შეიტყო. წინასწარი ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი ე.წ .საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა. თუმცა დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამბობენ, რომ ის დაკავების დროს სოფლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ოჯახის წევრებს დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე შეხდა, მომხდარ დაგმო და მათ დახმარებას დაჰპირდა.
პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა და ის, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აცნობა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ძალაში იქნება.
კონსულტაციების მორიგი რაუნდი საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. იუსტიციის სახლში გამართულ მოლაპარაკებებს პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრები და უმცირესობის ერთი წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა 2-საათიანი მსჯელობის შემდეგ განაცხადეს, რომ კონსენსუსის მისაღწევად დიალოგი კიდევ გაგრძელდება.
სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩეკ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მიმდინარე რეფორმებისა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ. ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე უკანონოდ შესახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართეს, მოგვიანებით კი საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მომიტინგეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი არა აქვთ და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. უკანონოდ შესახლებულები მოითხოვენ, რომ სპეციალურმა კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა ინდივიდუალურად შეისწავლოს და გადაწყვეტილებები ამის შემდეგ მიიღოს. მთავრობაში კი საპირისპიროს აცხადებენ. იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა გადაამოწმეს და აბსოლუტურ უმრავლესობას ალტერნატიული საცხოვრებელი გააჩნია, ამიტომ ულტიმატუმი 1 აპრილს ტერიტორიის გათავისუფლებაზე ძალაში რჩება.
საპროტესტო აქცია კახეთში - თელავის რაიონის სოფელ შალაურის სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ, კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სოფელი შალაური 2012 წლის 19 ივლისს სტიქიისგან 100 % -ით დაზარალდა, ამის მიუხედავად, ადგილობრივებს კუთვნილი კომპენსაცია არ მიუღიათ. შალაურელებმა დღეს თელავი-ბაკურციხე-თბილისის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, კომპენსაციის გაუცემლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გეგმავს.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დღეს რუსთავის და გარდაბნის რაიონული ორგანიზაციებიდან გარიცხულმა წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები არჩევნების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, რის გამოც პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ივანიშვილი დღეს აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, თუმცა კოალიციის ოფისთან შეკრებილებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაესაუბრა.
თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. თავად ალექსანდრე ბახუტოვი კი, რომელსაც 6 წელი ცოცხალი ადამიანის - ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისთვის მიუსაჯეს, ჩივილს არ აპირებს. ის ამბობს, რომ თავის დროზე არარსებული დანაშაული პოლიციელთა მხრიდან იარაღის მუქარის გამო აღიარა. ჩოფიკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოჯახსაც მკვდარი ეგონა და იგი რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში. აღმოჩნდა, რომ მას სასტიკად სცემეს და ხევში გადააგდეს. ბრალდებული პროკურორის ნათესავები გუშინ, ღამე ზურაბ ჯავახიშვილის ოჯახში მივიდნენ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ჯავახიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. მას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება. 2007 წლის 24 აგვისტოს, როდესაც პროკურორი თანამდებობაზე იყო, ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ ცნეს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო. 2007 წლის 1 ოქტომბერს გამოძიების მიერ მოკლულად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი აღმოჩნდა. მის მკვლელობაში ბრალდებულ ბახუტოვს განზრახ მკვლელობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე მკვლელობის თანამონაწილეობისთვის კიდევ სამი ადამიანი გასამართლდა. სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული ჯავახიშვილის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
სამხედრო სავალდებულო საგაზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მერიის ადმინისტრაციის სამობილიზაციო სამსახურის უფროსი ზაზა წვერავა ათი რაიონის გამგებლებს შეხვდა. მერიაში იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც გამწვევი პუნქტები წვევამდელების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით აწყდებიან. მთავარი სირთულე უწყებების ჩაბარებაა, რადგან ახალგაზრდების უმრავლესობა, ვისაც კანონით გაწვევის გადავადება ეკუთვნის არ ცხადდებიან კომისარიატებში. გამგებლები საკუთარი რაიონის მოსახლეობას მოუწოდებენ, უწყების მიღების შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისარიატში და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
კომენტარი