აბუ-სიმბალი – ულამაზესი ძველეგვიპტური ტაძარი
აბუ-სიმბალი, ორ კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძარია ნასერის ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. მდებარეობს ისტორიული ნუბიის ეგვიპტურ ნაწილში. აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში.
1813 წელს, შვეიცარიელი მეცნიერი იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტი კასრ-იბრიმის სამხრეთით მდებარე მიდამოების შესწავლას აწარმოებდა ნუბიაში. უკან წამოსვლისას, მან ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებისგან შეიტყო ერთი განსაკუთრებული სილამაზის ტაძრის შესახებ, რომელიც ნილოსის ნაპირთან მდებარეობდა.
ამგვარად გახდა იოჰან ბურკჰარდტი პირველი ევროპელი, რომელმაც 1813 წლის 22 მარტს იხილა ნეფერტარის სადიდებლად აგებული ჰატჰორის ტაძარი აბუ-სიმბალში. აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის, ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი, 1979 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილი.
კომენტარი