,,Holiday Inn”-ის ნომერში ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს – ამბავი, რომელიც პაპის ვიზიტისას დაიმალა
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს რომის პაპი სტუმრობდა. პონტიფიკოსთან ერთად, თბილისში კათოლიკური სამყაროს სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებიც ჩამოვიდნენ, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი ჰანნა ზორა. 77 წლის სასულიერო პირი რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო. დელეგაციის წევრები ძირითადად სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დაბინავდნენ, თუმცა 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
„ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო. მთელი პოლიცია და კრიმინალური აქ იყო იმ დღეს. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც“, – გვიყვება სასტუმროს თანამშრომელი.
ჩვენი წყაროს თქმით, ცხედარი პირველად სასტუმროს დამლაგებელმა ნახა, რომელიც ნომრის დასალაგებლად იყო შესული.
„მისი გადმოცემით ვიცით, რომ მთელი ოთახი სისხლიანი იყო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. შეშინებული და შოკირებულ მდგომარეობაში გამოიქცა ეს ქალი და უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინა, მალევე აქ გაჩნდნენ სამართალდამცავები და ვატიკანის წარმომადგენლები. ეს დამლაგებელი ცალკე დაკითხეს და მას შემდეგ ის ამ თემაზე აღარც საუბრობს და ჩვენც არ ვკითხულობთ დამატებით არაფერს.“
„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა. „ჰოლიდეი ინნ“-ის გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ ჩვენთან საუბრისას გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო ორგანოებთან გადაგვამისამართა.
ვალერი ჩეხერია, სასტუმროს გენერალური დირექტორი:
– რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ეს გამოძიებასთან უნდა გაარკვიოთ. მე ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი მძიმედ იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩამოსულიყო თბილისში. სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ასე გვითხრეს მისმა კოლეგებმა.
– ვინ იპოვა გარდაცვლილი?
– დამლაგებელმა. ოთახის დასალაგებლად იყო შესული და ნახა გარდაცვლილი ადამიანი.
– როგორც გავიგეთ, ოთახში ძალიან ბევრი სისხლი იყო დაღვრილი…
– დიახ, სისხლი ნამდვილად იყო. როგორ გაჩნდა და რამ გამოიწვია ეს, ალბათ, გამოძიება დაადგენს. ჩვენ როგორც ვიცით, მას ჰქონდა კუჭის დაავადება და სავარაუდოდ, ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება… პირველადი ინფორმაცია, რაც ჩვენ სხვა სასულიერო პირებისგან მივიღეთ, იყო ის, რომ ეს ადამიანი გახლდათ მძიმედ დაავადებული. ამ დაავადებამ გამოიწვია თუ არა გარდაცვალება, ამას გამოძიება უპასუხებს.
– 2 ოქტომბერს მოხდა ეს ფაქტი, თუმცა არსად გახმაურებულა… რატომ დაიმალა ინფორმაცია?
– არა, შეგნებულად ნამდვილად არ დამალულა. პრესკონფერენციას ვერ მოვაწყობდით ამ თემაზე.
– პრესკონფერენციაზე არ არის საუბარი… როგორც გვითხრეს, სასტუმროს პერსონალს ამ თემაზე საუბარი ადმინისტრაციამ აუკრძალა…
– უკაცრავად, ჭორებს ნამდვილად ვერ ავყვები. რასაკვირველია, ამ ფაქტის გამო სპეციალური პრესკონფერენცია არ მომიწვევია, მაგრამ, თუ ვინმე დაინტერესდებოდა, თქვენ მსგავსად, ცხადია, დასამალი არაფერი გვექნებოდა. რაც შეეხება რაიმე აკრძალვას, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. პერსონალს არავინ არაფერს უკრძალავს.
„პრაიმტაიმი“ მომხდარი ფაქტის გასარკვევად საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, ჯუზეპე პაზოტოს პრესმდივანსაც დაუკავშირდა.
„ეს გახლდათ ეპისკოპოსი, რომელიც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით და ესწრებოდა რამდენიმე ღონისძიებას. ის უშუალოდ ვატიკანიდან არ ჩამოსულა. როგორც გავიგეთ, მას ურჩევდნენ, რომ არ ჩამოსულიყო ავადმყოფობის გამო, თუმცა მაინც ისურვა გამომგზავრება“, – განგვიმარტა ეპისკოპოს პაზოტოს პრესმდივანმა.
კომენტარი