სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა საქართველოს მაშინდელი პრემიერის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა - დროებითი რწმუნებული

უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე.

„თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი. უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური, თუ გაუგებარი განცხადებების მიუხედავადაც კი, რომლებიც დროდადრო ჟღერს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, თუ ასე ვთქვათ, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენ მაღალი დონის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას.

თუკი ახლო წარსულის საკვანძო ფაქტებზე ვსაუბრობთ, 2022 წლის ოქტომბერში, როგორც ცნობილია, უკრაინამ მოიწვია და მიიღო აგრემანი უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე. როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა. მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის მარტის შემდეგ, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100