საქართველო აშშ–ის თავდაცვის ხარჯების დოკუმენტში
აშშ–ის 2012 წლის თავდაცვის ხარჯების პროექტის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ეხება და მოიცავს მოწოდებას აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზების“ შესახებ, მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის კუთხით.
აშშ–ის 2012 წლის ეროვნული თავდაცვის ხარჯების პროექტი, მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობისთვის ასიგნების გამოყოფას ითვალისწინებს, შეიცავს თავს სათაურით „თავდაცვის სფეროში საქართველოს რესპუბლიკასთან თანამშრომლობა“. 662 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თავდაცვის ხარჯები სენატმა 15 დეკემბერს დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატის მიერ პროექტის მიღებიდან მეორე დღეს. როგორც მოსალოდნელია, პროექტს ახლა პრეზიდენტი ობამა მოაწერს ხელს.
WikiLeaks-ის მასალებიდან: საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-ის ორი დიპლომატის მოსაზრება
დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, მოუწოდებს აშშ–ის პრეზიდენტს შეიმუშაოს და კონგრესის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებს წარუდგინოს „ნორმალიზაციის გეგმა“, რომლითაც მოხდება საქართველოს დახმარება, რათა მან „უზრუნველყოს საკუთარი მთავრობის, ხალხის და სუვერენული ტერიტორიის დაცვა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე აღებული ვალდებულების შესაბამისად“. გეგმა, დოკუმენტის თანახმად, უნდა მომზადდეს არა უგვიანეს 90 დღისა მას შემდეგ, რაც თავდაცვის 2012 წლის ხარჯების პროექტი ძალაში შევა.
იგი ასევე მოუწოდებს რომ აშშ-მა მიყიდოს საქართველოს „თავდაცვითი საშუალებები და მომსახურეობა“. იქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა მოუწოდოს „ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს განაახლონ და გააფართოვონ თავდაცვითი შეიარაღების და მომსახურების მიყიდვა საქართველოს რესპუბლიკისთვის ნატოს უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, რათა გაღრმავდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა და თანამშრომლობა“ თბილისთან.
”ნორმალიზაციის გეგმა” უნდა შეიცავდეს აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ „საჭიროებათა შეფასებას” - იმ ღონისძიებათა ნუსხას, რაც საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება. იმავე გეგმას თან უნდა ერთვოდეს იარაღის შესყიდვის თაობაზე ყველა ის განაცხადი, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აშშ-სთვის მიუმართავს. დოკუმენტის თანახმად, ეს გეგმა საჯარო უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიცავდეს.
აშშ–ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც ადრე რამდენჯერმე მოუწოდა აშშ–ის ადმინისტრაციას „განაახლოს“ იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის, პროექტის იმ მონაკვეთს, რომელიც საქართველოს ეხება, 15 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში შეეხო.
„აშშ–ის თანამშრომლობა საქართველოს რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში სამი წლის წინ რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ შეჩერებულია“, – განაცხადა მან, "მართალია გარკვეულწილად ნელი და მცირე პროგრესი შეინიშნებოდა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონოდა შეიარაღებული ძალები ავღანეთში განეთავსებინა – რასაც ისინი უფრო მეტი რაოდენობით აკეთებენ, ვიდრე რომელიმე ჩვენი მოკავშირე ქვეყანა ნატოდან, მაგრამ თითქმის არაფერი გაკეთებულა საქართველოს შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მან საკუთარი მთავრობა, ხალხი და ტერიტორია დაიცვას“.
აშშ–ის ოფიციალური პირების თქმით, ამჟამად საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ორ მიმართულებას მოიცავს – ქვეყნის დახმარება თავდაცვის რეფორმების განხორციელების კუთხით და ქართველი ჯარისკაცების აღჭურვა და მომზადება ავღანეთში გასაგზავნად.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ადრე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ თბილისს საჰაერო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შეძენა სურს. ამ წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს აშშ–სთან თავდაცვის სფეროში „თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი“ უნდა გახდეს.
კომენტარი