მადნის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა იწყება
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. სიმბოლური კაფსულა საძირკველში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ -ს სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჩააგდეს.
ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი, "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებლები, "ჯორჯიან ემერიქან ელოიზის" ხელმძღვანელი პირები, გერმანული კომპანია "ოლ მინერალის", ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
ამისათვის „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება. ქარხანაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება. ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს.
დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყვირილაში, რაც იწვევს მის დაბინძურებას. ხსენებული პრობლემის გადაჭრა ხდება ახალი ქარხნის მშენებლობით, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.
გარდა ამისა, ახალი ქარხანა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მადანი კარიერიდან უდანაკარგოდ მოიპოვოს (90%-იანი მოპოვება). შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს. განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.
ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2017 წლის სექტემბერში ჩაეყარა 2018 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება. 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად, ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.
ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 14 პუნქტიანი, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და შლამსაცავის მოწყობა აღნიშნული გეგმის შემადგენელი ნაწილია.
კომენტარი