რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით, სამხედრო სწავლებისას ორი ტანკისტი გაიგუდა
რუსულმა მედიამ სკანდალური ცნობა გაავრცელა. ჩელიაბინსკელ ბლოგერებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ სამხედრო პოლიგონ „აზოვზე“ მიმდინარე სამხედრო სწავლების „ცენტრი 2011“ დროს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდა, ორი ტანკისტი გაიგუდა.
ჩელიაბინსკელი ბლოგერები იუწყებიან, რომ სწავლების შემდეგ გამართულ მოწყობაზე ორი სამხედრო არ გამოჩნდა. მოგვიანებით მათი ცხედრები პოლიგონიდან მოშორებით, ტყეში იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ორივე ჯარისკაცი მაშინ დაიღუპა, როცა ალმოდებული ტანკიდან შემადგენლობის გამოყვანის ერთ-ერთ მანევრს ასრულებდა. ზემოთხსენებულ სწავლებას რუსეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
წყაროს ცნობით, ორივე ტანკისტის დაღუპვის მიზეზი კვამლისგან მიღებული მოწამვლა გახდა. ინტერნეტში მომხდარის შედეგის ალტერნატიული ვერსიაც გაჩნდა: ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა, რომ ჯარისკაცები გადარჩნენ და ორივე ჩელიაბინსკის საავადმყოფოში იმყოფება: ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი - საშუალო სიმძიმის.
არის მესამე ვერსიაც: ჩელიაბინსკის სამხედრო ოლქის მოსამსახურეები ამბობენ, რომ ჯარისკაცები არა უშუალოდ სწავლების ბოლო დღეს, ანუ 27 სექტემბერს, არამედ რამდენიმე დღით ადრე მოიწამლნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, როგორ იპოვეს 28 სექტემბერს ჯარისკაცები ტყეში.
ოფიციალური ინფორმაცია კი სულ სხვა რამეს ღაღადებს: ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ორმა ჯარისკაცმა, სწავლებისთვის მზადების წინადღეებში მსუბუქი დაზიანება მიიღო და ორივე ჩელიაბინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პრესსამსახურის ცნობით, მათ რამდენიმე დღეში გაწერენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება ყოველგვარი ექსცესის, აფეთქებისა და ტექნიკური წუნის გარეშე ჩატარდა.
კომენტარი