სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ავჭალის და ნაჭაობარის მეფე დავით 69-ე ბაგრატიონ-მუხრანელმა ტანჯვა-წამებითა და რის ვაი ვაგლახით ესპანეთის მეფის კარამდე ჩააღწია" - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ პოლიტიკურ-სოციალურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით ეხმაურება:

"გავა დრო და ჟამთააღმწერელი დაწერს:

იდგა ქრისტეშობიდან 2019 წელი. კაცობრიობის განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის ზენიტის ხანა.

სამშობლოდან, დედოფლის და ვინმე გახარიას მიერ უსამართლოდ განდევნილმა ქართლის, ავჭალის და ნაჭაობარის მეფე დავით 69-ე ბაგრატიონ-მუხრანელმა ტანჯვა-წამებითა და რის ვაივაგლახით ესპანეთის მეფის კარამდე ჩააღწია. ცუდი დრო დაემთხვა დევნილ მეფეს. ესპანეთის სამეფო კარი და სრულიად მადრიდის დიდგვაროვნები დიდი ცვლილებების მოლოდინში იყვნენ და მისთვის არ ეცალათ.

ეს ესაა მეფე ხუან კარლოსი, აფრიკაში მოკლული სპილოს ფონზე გადაღებული სურათებით აგორებული სკანდალის გამო გადამდგარიყო. (არადა მართლა მაგიტომ გადადგა. ამ ჩვენმა ქლიბმა კიდევ დედოფალს (ცოლს) სცემა და ვითომც არაფერი. (ვინმე ირაკლის შენიშვნა)).

ტახტი ახალგაზრდა ფილიპე მეექვსეს დაეკავებინა, რომელსაც დაპყრობითი ომების და ესპანეთის პირსისხლიანი იმპერიის გაფართოების სურვილი და წყურვილი ამოძრავებდა.

დავითის დედამ, მერსედესმა ყველაფერი იღონა და მესამე დღეს ფილიპ VI-მ დავით 69-ე მიიღო და გულისყურით მოუსმინა.

როგორ?!!! შესძახა ფილიპემ: ერთ დროს ჩემი ქვეყნის ქვეშევრდომს და ჩემს კარზე აღზრდილ დავითს, ვოვა პუტინის ქვეშევრდომი გახარიას გამოსაძევებელი რას სჭირსო და ფლოტის სამზადისი და საქართველოსკენ დაძრა ბრძანა.

და დაიძრა ესპანეთის არმადა საქართველოსკენ დავითის ნამუსის მოსაწმენდად და ღირსების დასაცავად. ჯარს თვით ფილიპე ედგა სათავეში. ახალი მეფისადმი ერთგულების დასადასტურებლად და ქართლის დედოფლის ხელახლა საბეგვად შეყრილიყვნენ ნავარელნი, ანდალუზიელნი, კატალუნიელნი, ბასკნი, მაროკოელნი, მაიორკელი დიჯეები და თავშესაფრის მინიჭებაზე უარნათქვამი ქართველნი.

ამ დროს ღმად ეძინა სრულიად საქართველოს. მხოლოდ სოლოლაკის სასახლიდან მოსჩანდა ბულაჩაურის ბაზარზე ნაყიდი უხარისხო ღორის ქონით გაკეთებული სანთლის მბჟუტავი სხივი. არ ეძინა ქვეყნის ბედ-იღბალზე დამაშვრალ რაინდ ბიძინას. ან რა დააძინებდა ამ დროს როდესაც მოსკოვიდან ვოვას შიკრიკმა ცუდი ამბავი ამცნო: ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო.
ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ჯერ კიდევ არ შეშრობოდა მეფის ბრძანებას მელანი, რომლითაც რაინდობა მიიღო. წასულიყო თუ არა მეფის წინააღმდეგ არ იცოდა. ისიც აფიქრებდა, რომ მეფე ნატოს ემბლემიანი გემებით მოემართებოდა შეკვეთილისკენ და პირველი სადაც გადმოსხავდა ფილიპე ჯარს, მისი სიმწრით და წვალებით შექმნილი დენდროპარკი იყო.

"სადაც ვიწროა იქ გაწყდესო" ცისკრის ვარსკვლავის გამონათებისას შეჰყვირა გრიგოლიჩმა (აბა სუნ ძის "ომის ხელოვნება" და ვეფხისტყაოსანი მაგას არ ჰქონდა წაკითხული, იქიდან რომ ესესხა რამე ფრაზა) და დარბაზი მიხმეთ დედოფალთან ერთადო - ბახტაძეს მიუმესიჯა.

ეახლნენ რაინდ ივანიშვილს: ქიზიყიდან ღარიბაშვილი სიმამრიანად; საბურთალოდან ფარცხალაძე ბოტასებიანად; წყნეთიდან კალაძე ტრუსიკიანად; გარდაბნის სათბურებიდან უჩა ფულიანად; კოდორიდან ემზარი კვიციანად; პარლამენტიდან კობახიძე, ზარდიაშვილი და ბესელია ასანთის კოლოფში ჩადებული ჭკუიანად; ბოკერია გიგიანად; ხაინდრავა გრეჩიხებიანად; სასამართლოდან მურუსიძე-ჩინჩალაძე ნამუსიანად; გორიდან თავზარაშვილ-მაკრახიძე სირებიანად; TBC-დან ხაზარაძე უფულოდ და მრავალნი სხვანნი ლურჯად "გადაკრასკული" ნაციონალნიც.

სანამ ესენი გრიგოლიჩს ფეხებს უთბილავდნენ და წნევას უზომავდნენ, ამასობაში ფილიპ VI-ს აჭარა-გურია აეოხრებინა და შეკვეთილში სასტუმრო პარაგრაფში დაბანაკებულიყო. დავით 69-ს ანაკლიის პორტი დაეკავებინა და დადიანების სასახლეში მწვადს წვავდა პარკეტზე.

მძიმე ჟამი ედგა საქართველოს. ფილიპ ნავარელის ჯარი გორის უღელტეხილზე გამაგრებულიყო, გრიგოლიჩის კი კარალეთის დაბლობებში. დიდი აზრი და ჭორვილური ხიტრაჟოპობა ჰქონდა ჩაქსოვილი გრიგოლიჩს ადგილის შერჩევაში.

ამასობაში, როგორც ქართველთ სჩვევიათ, მეფის მხარეს გადასულიყვნენ რაინდი ვასაძე, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი და მრავალნი სხვანი, მაგრამ გრიგოლიჩი მაგისთვისაც მზად იყო.

რიჟრაჟისთანავე პირველნი გრიგოლიჩის ერთგული ვაკელნი ეკვეთნენ მტერს და აირია სისხლის და კოკაინის სუნი ერთმანეთში.

მხოლოდ ორი ადამიანი არ ღელავდა ამ მძიმე დროს.

გრიგოლიჩი და მისი ერთგული უჩა ყვარყვარესავით კაბაგადაცმულები მიიპარებოდნენ ჩიხანტურას ჭალებიდან ცხინვალისაკენ.

და იდგა ქრისტეშობიდან 2019 წელი. კაცობრიობა მარსზე გასაფრენად ემზადებოდა, ხოლო ქართველნი ისევ ჩუკენობით იყვნენ დაკავებულნი.

ჟამთააღმწერელი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100