სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისში კინოფესტივალი "ამირანი" იხსნება

17-21 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" გაიმართება.

ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლების ნამუშევრები მოხდვად. მათ შორის, აშშ, გერმანია, თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ლატვია, ბულგარეთი, ლიტვა, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, საფრანგეთის, პოლონეთი, რუსეთი და საქართველო. 19 ქვეყნის სხვადასხვა კინოსკოლის სტუდენტური ნამუშევრებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

2011 წლიდან "ამირანით" მხოლოდ 4 ფილმი დაჯილდოვდება: საუკეთესო მხატვრული ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმი და გაიცემა ჟიურის პრიზი.

ამ ოთხი ნომინაციის გარდა, რეჟისურის, ოპერატორის ნამუშევრის, ხმის, მონტაჟისა და სტუდენტ კრიტიკოსთა არჩევნის მიხედვით, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან სტუდენტები.

17 მაისს, ფესტივალის გახსნის საღამოზე, ნაჩვენები იქნება დათო თაყაიშვილის სტუდენტური ანიმაციური ფილმი "ჭირი", რომელიც კანის ფესტივალის 1984 წლის პრიზიორია. ასევე, გაიმართება "კინომუსიკის" საღამო, რომელსაც დათო ევგენიძე უხელმძღვანელებს.

წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან ბოგდან ძივორსკი - პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები, დოვერ ქოსაშვილი - ისრაელი, ანდრეა ვინკი - გერმანია და მარინა კერესელიძე - საქართველო.

ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი მასტერკლასს ჩაატარებს ან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან.

18 მაისს ფესტივალის სამუშაო დღე, პოლონელი ბოგდან ძივორსკის მასტერკლასით დაიწყება. იმავე საღამოს,18:00 საათზე ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის, როგორც ახალბედა რეჟისორის, ფილმების ჩვენება მოეწყობა და წვეულება გაიმართება.

19 მაისს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, ჟიურის წევრი დოვერ ქოსაშვილი რეჟისურის მასტერკლასს ჩაატარებს და თავის ახალ ფილმს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს, ხოლო თელ-ავივის უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი ჰელენ იანოვსკი, თავისი კინოსკოლის სტუდენტების ფილმების პრეზენტაცია-ჩვენებას წარუძღვება.

19 მაისს, გოეთეს ინსტიტუტში - ანდრეა ვინკი, ფესტივალ goEast-ს წარადგენს. ასევე, გაიმართება გერმანიის NEXT GENERATION ფილმების პრეზენტაცია-ჩვენება, რომელსაც ახალგაზრდა გერანელი რეჟისორი ინგო ბირმანი წარუძღვება.

20 მაისს შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის კინო ფაკუტეტის ხელმძღვანელი ჟან პერრე გამართავს ჟან ჟაკ რუსოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პირველად ფესტივალის არსებობის განმავლობაში, შედგება სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. სელექციის შედეგად, მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან ფესტივალზე მოწვეულია 15 სტუდენტი.

ფესტივალი 20 მაისს დაიხურება, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, მოეწყობა წვეულება. ხოლო 21 მაისს, არასაკონკურსო ჩვენებები გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, ისრაელის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, ფონდები "ცის ხიდი" და "ტატო".

ფესტივალის პარტნიორები არიან "თიბისი ბანკი", "კაუკაზუს ონლაინი", "აი სი ჯგუფი", "კაპაროლი", "ასკანელი ძმები", "სარაჯიშვილი", "ნაბეღლავი", ყავა "პელე" და ჩაი "გურიელი", კომპლექსი "ქალაქური" და ლიტკაფე "ქარავანი".

ფესტივალის მედია პარტნიორები არიან: ჟურნალი "FOCUS", გაზეთები "24 საათი", "GEORGIA TODAY" და "რეზონანსი", საინფორმაციო სააგენტოები "GHN" და "IPN", რადიოები "უცნობი", "მუზა" და "რადიოქალაქი", ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100