სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოვახდენთ ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას - ბათუმში აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ

პროტესტი ბათუმში - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მათ, ცოტა ხნის წინ, აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

აქციის მონაწილეები უწყების შესასვლელ კართან დგანან და ამბობენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს არ შეუშვებენ. ადგილზე, ენმ-ს წარმომადგენლების გარდა, მოქალაქეებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ.

"მოვახდენთ ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას, ვნახოთ რამდენი პოლიციელი ეყოლება ივანიშვილს. მზად ვართ ყველაფრისთვის, თუ უნდათ დაგვაპატიმრონ. მოვუწოდებთ მათ, ხელფასს ნუ შესწირავენ ქვეყნის მომავალს. ნუ გადაყვებით ივანიშვილს," - ამბობს ენმ-ს წევრი რეზო ხარაზი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ისინი აქციის მონაწილეებს შესასვლელის გათავისუფლებას სთხოვენ.

"თქვენ ზღუდავთ ადამიანების უფლებებს, არ აძლევთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას. შენობა არის ბლოკირებული, ეს არის კანონდარღვევა, გთხოვთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი და ისე გამოხატოთ თქვენი პროტესტი," – მიმართა აქციის მონაწილეებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბაღალდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100