გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია მოაწყო
თბილისი, 21 ივნისი, 2016 - გალტ & თაგარტმა სექტორული კონფერენციების სერიიდან, G&T Industry Series, პირველი სექტორული კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn თბილისში“ გამართა. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის სექტორს მიეძღვნა, სადაც გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო შედეგებს, დღევანდელ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აჭარა ჯგუფი და სილქ როუდ ჯგუფი.
გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის:- ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წლის ხუთ თვეში - რამ განაპირობა ეს ზრდა და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევარში;- რა მიმართულებით არის ქვეყანაში პოტენციალი ტურიზმის სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე;- სასტუმროების სექტორი - ბრენდირებული სასტუმროების დაგეგმილი პროექტები, სად არის შესაძლებლობები;- საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Travel & Tourism Competitiveness Index-ის მიხედვით - რომელ ქვე-ინდექსებში არის საქართველო მოწინავე ადგილებზე და რომელში ჩამორჩება;- სახელმწიფოს ინიციატივები ტურიზმის სექტორის წახალისებით მიზნით.
„ღონისძიებათა ციკლის, G&T Industry Series, მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები - იმ მიზნით, რომ განიხილონ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ჩვენის მხრივ, აუდიენციას წარვუდგენთ ჩვენს უახლეს სექტორულ კვლევას და გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნას. გვსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინოს თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობენ მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სექტორული კონფერენციების სერიას მიეცემა პერიოდული სახე და წლის განმავლობაში 3 სექტორის დაფარვა იგეგმება“ განაცხადა გალტ & თაგარტის საინვესტიციო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო პაპავამ.
“აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს გალტ & თაგარტის სექტორული კონფერენციების ჩატარების ინიციატივას და მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ პირველ კონფერენციას სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის, რადგან დღეს საქართველოს გააჩნია ყველანაირი წინაპირობა, იმისათვის, რომ გახდეს სამაგალითო ქვეყანა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“ განაცხადა „აჭარა ჯგუფი“-ს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა.
სრულად ტურიზმის სექტორის შესახებ ანგარიში შეგიძიათ იხილოთ: www.gt.ge
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიციების მართვის სფეროში. მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვას, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
კომენტარი