სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს ეროვნული კინოცენტრი და მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთად უმასპინძლებენ

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს ეროვნული კინოცენტრი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთად უმასპინძლებენ. შეთანხმება პარტნიორობის შესახებ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში 7 სექტემბერს, 12.00 საათზე გაფორმდება, რომელსაც ხელს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი მოაწერენ.

პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის „ჯიფონი - საქართველო, 2015“ (Giffoni Georgia 2015) ჩატარებას. ფესტივალი 2015 წლის 16- 19 ოქტომბერს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება, მასში 8ქვეყნის 500 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკი 13 - 17 წელია. ამგვარი მასშტაბით ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.

კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს.

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100