საბი ბერიანის დანატოვარი
ჩემს დებს და მე ბევრი საერთო მოგონება გვაქვს, თუმცა რთულია მრავალრიცხოვან ოჯახში უკლებლივ ყველას ერთნაირად დაამახსოვრდეს საოჯახო ამბები. ჩვენი მოგონებები ზოგჯერ განსხვავებულია, ზოგჯერ ერთმანეთისგან „მოპარულიც“ კი: ხშირი მოსმენისგან ბევრჯერ „მიგვითვისებია“ ერთმანეთის მოგონებები. ზოგჯერ კი ისინი ერთმანეთთან ისეა შერწყმული, როგორც გამოსახულებები ორმაგი ექსპოზიციის ფოტოებზე.
მაგრამ არის ერთი ამბავი, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზუსტად გვახსოვს. ეს იყო დიდი ხნის წინ − ტრანსგენდერი ადამიანის სტუმრობა ჩვენს ოჯახში. რა თქმა უნდა, ბევრი ჩურჩული გამოიწვია მისმა ჩაცმულობამ და ქცევამ. მშობლებმა აგვიხსნეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულად იცვამენ ან იქცევიან. ახლანდელი მშობლები ამას, ალბათ, უკეთ განმარტავენ, მაგრამ ეს ეპიზოდი უდავოდ ერთ-ერთია იმ მრავალი მიზეზიდან, რომელთა გამოც სამუდამო ვალში ვარ ჩემი მშობლების წინაშე.
იმ დროს „ტრანსგენდერი“ თუ სხვა ამგვარი ტერმინები, რასაკვირველია, არც მშობლებმა იცოდნენ და არც ჩვენ. მაგრამ ჩვენი ცნობისმოყვარეობა ჯანსაღ ფარგლებს არ გასცდენია. მშობლებმა გვაიძულეს, პატივი გვეცა სტუმრის პიროვნებისა და პირადი ცხოვრებისთვის, საკუთარი სიმშვიდით მათ სწორედ ის აგვიხსნეს, რომ ზოგიერთი ადამიანი ასეთად იბადება და ამით ის არაფერს კარგავს.
ჩვენი სტუმარი 50-60 წლის იქნებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე მეტად სწორედ მისი ასაკი მაკვირვებს. ახლახან წავიკითხე, რომ ამერიკაში ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წელი ყოფილა. ეს ამერიკაში, საქართველოში კი წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება იყოს ეს რიცხვი.
11 ნოემბერს თბილისში მოკლეს 23 წლის ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი. სამწუხაროდ, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი მკვლელობა სიძულვილით იყო მოტივირებული (თუმცა საბოლოოო სიტყვა, ბუნებრივია, სასამართლომ უნდა თქვას). სიძულვილი უშუალო მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ტრანსგენდერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წელი აშშ-ში. მაგრამ განსხვავებით აშშ-ისგან, ჩვენ არ გვესმის სიძულვილის დანაშაულის სერიოზულობა.
აშშ-ში ხუთი წლის წინ მიიღეს სიძულვილის დანაშაულის პრევენციის აქტი. ამ კანონს შეპარდ-ბერდის აქტადაც მოიხსენიებენ, რაც 1998 წელს ჩადენილი ორი საზარელი მკვლელობიდან მოდის: 21 წლის მეთიუ შეპარდი იმიტომ მოკლეს, რომ გეი იყო, ხოლო 49 წლის ჯეიმს ბერდი იმიტომ, რომ შავი კანის ფერი ჰქონდა. უფრო ადრე, 1990 წელს, აშშ-მა მიიღო აქტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, რითაც სამართალდამცველი ორგანოები დაავალდებულა, შეეგროვებინათ და გამოექვეყნებინათ მონაცემები ისეთი დანაშაულების შესახებ, რომელთა მსხვერპლად იქცნენ ადამიანები მათი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო.
ყველამ ვნახეთ, რომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს პოზიცია ორგვარი იყო. ერთის მხრივ, სახელმწიფო ცდილობდა იგნორირება გაეკეთებინა ამ ფაქტისთვის, მეორე მხრივ კი ყოველ ღონეს ხმარობდა ამ საზარელი მკვლელობის ტრივიალურ დანაშაულად მოსანათლად. სულ სხვა თემაა მედია, რომელიც ჯიუტად იმეორებდა საბი ბერიანის პირად მონაცემებს იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელთა შეცვლის ფუფუნება მას, სავარაუდოდ, არც ჰქონია. ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად იმისა, რომ საბი ბერიანს საჯაროდაც კი ჰქონდა გამოცხადებული თავისი გენდერული იდენტობის ამბავი. ცნობილი მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი, ლავერნ კოქსი ამბობს, რომ ძალადობის აქტია ტრანსგენდერ ქალს მამაკაცი უწოდო. ქართულმა მედიამ სწორედ ეს ძალადობის აქტი ჩაიდინა, მან არ აღიარა საბი ბერიანის გენდერული იდენტობა და ამით თავისი წვლილი შეიტანა მის დეჰუმანიზაციაში, მისი სიკვდილის შემდეგაც კი.
ალბათ, ტრანსგენდერი პირების ცხოვრება გამორჩეულად ტრაგიკულია. ისინი ყველა ეპოქაში იყვნენ და იქნებიან. ისტორია იცნობს ტრანსგენდერ წმინდანებსაც. მაგალითად, 21 ოქტომბერს (ახალი სტილით) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი პელაგიას ხსენების დღეს. ღირსი პელაგია ანტიოქიელი მოცეკვავე იყო. იგი ქრისტიანად მოქცევის შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა და მოღვაწეობდა, როგორც ბერი პელაგიუსი. ის ცხოვრობდა, როგორც მამაკაცი და გარდაცვალებამდე მისი ბიოლოგიური სქესის შესახებ ვერავინ შეიტყო. სწორედ ბიოლოგიურ სქესს რომ მიენიჭა უპირატესობა, ამიტომაც ვუწოდებთ მას პელაგიას და არა პელაგიუსს, სახელს, რომელიც მან აირჩია.
არც ბერი პელაგიუსის გენდერული იდენტობა 457 წელს, და არც საბი ბერიანის გენდერული იდენტობა 2014 წელს, მათი გარდაცვალების შემდეგაც არ ყოფილა აღიარებული. არადა, სიკვდილი, თუ მას საერთოდ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა, ზოგჯერ რეალური ცვლილებების საფუძველი ხდება.
თუკი აშშ-ში სიძულვილის დანაშაული საკანონმდებლო ძვრების საფუძველი გახდა, ჩვენთან მან ისე ჩაიარა, თითქოს კანონზომიერი ყოფილიყოს. საბი ბერიანის მკვლელობიდან მეხუთე დღეს ხელისუფლებამ „ტოლერანტობის სკვერი“ გახსნა. გახსნის ცერემონიას ამშვენებდნენ გრძელ რიგში ჩამდგარი სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, და მათ შორის არ იყო არც ერთი ღიად ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი თუ ბისექსუალი ქართველი, რადგან ისინი ხომ სიძულვილის პირველ რიგში დგანან. დარწმუნებული ვარ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აცნობიერებენ, რომ იერიშის შემდეგი ობიექტი ისინი იქნებიან, მაგრამ ხელისუფლების გადმოგდებულ ჟეტონს მაინც მდუმარედ ყაბულდებიან. აქვთ კი სხვა გამოსავალი?
თუმცა, გამოსავალი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და ამაზე, უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს. სიძულვილის დანაშაულს დამანგრეველი ბუნება აქვს, ის მიმართულია არა ცალკეული ინდივიდების, არამედ ადამიანთა მთელი ჯგუფების წინააღმდეგ. სამართალდამცველ ორგანოებს არ უნდა მივცეთ უფლება, მიჩქმალოს ამ კონკრეტული დანაშაულის რეალური მოტივი. დროა, გავაცნობიეროთ, რომ თუ, სულ მცირე, სათანადოდ არ აღვრიცხავთ ასეთ დანაშაულებს, ნებსით თუ უნებლიეთ მოვახდენთ მათს ლეგიტიმაციას. სიძულვილის ლეგიტიმაციას კი მანამდე შევხვდებით მშვიდად, სანამ ეს სიძულვილი იმ ჯგუფამდე მოაღწევს, რომელსაც თავად ვეკუთვნით.
თავის წიგნში „დღეს არის ხვალ“ ელენორ რუზველტი წერს: „არაფერს, რაც მე ან სხვას გადახდენია, არ აქვს ღირებულება, თუკი ის არ არის მზადება იმისათვის, რაც წინ გველის.“ საბი ბერიანის სიკვდილმა არ უნდა ჩაიაროს უკვალოდ, ის რეალური ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს.
მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის დამტკიცებას, რომ დეჰუმანიზებული საზოგადოება და სახელმწიფო არ ვართ, როცა არა მხოლოდ ახალ ტრანსფობიურ დანაშაულებს ავირიდებთ ან მივიღებთ და შევიყვარებთ ტრანსგენდერ ადამიანებს, არამედ მაშინ, როცა ისინი რეალური უფლებებით აღიჭურვებიან.
კომენტარი